
თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვნები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, შესვენებაზე მოხდა.
კონფლიქტი 13 და 15 წლის მოზარდ გოგონებს შორის სოციალურ ქსელში დაიწყო, სკოლის ტერიტორიაზე გაგრძელდა და საპირფარეშოში გადაინაცვლა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა გოგონამ, რომელსაც ფბ- ზე დაწერილის გამო, ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, უარი თქვა, რის შემდეგაც ორი გოგონა დაესხა თავს.
მოსწავლეები კონფლიქტის შემსწრე პირებმა გააშველეს, რის შემდეგაც საქმეში მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი და პედაგოგები ჩაერთნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე, 12-13 წლის გოგონებმა, თანატოლს მეზობელი სოფლის სკოლაში მიაკითხეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„გოგონას მშობლებმა იჩივლეს და ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. თუმცა რადგან დეტალები არ ხმაურდება, მეც თავს შევიკავებ დავასახელო სოფელი, სადაც ფაქტი მოხდა. გიდასტურებთ იმას, რომ არასრუწლოვანი გოგონა თანატოლმა გოგონებმა სცემეს. სერიოზულად არის ნაცემი ეს ბავშვი. ფიზიკურად გაუსწორდნენ მას. როგორც ვიცი, ამ დაპირისპირების დროს გოგონამ თავი მიარტყა რაღაცას და გონებაც დაკარგა. მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია უნდა გადაეღოთ მისთვის და ვფიქრობ, გადაუღეს უკვე. ვიცი, ის რომ დაშავებული გოგონა ამ დაპირისპირების დროს მარტო იყო“... - აღნიშნავს მედიასთან ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი.
საქმეში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური და მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.