მცირდება თუ არა ადგილების რაოდენობა უმაღლესებში - „გვექნება პირველადი დოკუმენტი, რამდენი იურისტი, ექიმი, ეკონომისტი გვჭირდება...“
08-12-2025

ცნობილია, რომ 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება, ხოლო კერძო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფო გრანტებით ვეღარ ისარგებლებენ, თუმცა საინტერესოა, შეეხება თუ არა აღნიშნული ცვლილებები ვაკანტური ადგილების ჯამურ რაოდენობას და რის მიხედვით გადაწყდება, კონკრეტული უნივერსიტეტები რა რაოდენობის სტუდენტებს მიიღებენ სპეციალობების მიხედვით?

აღნიშნულ საკითხზე განმარტება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს შრომის ბაზრის კვლევა, შემდეგ კი გადაანაწილებენ კვოტებს:

„ფაკულტეტებზე კვოტების განაწილებას რაც შეეხება, ეს დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ; გასულ წლებში არავინ აფასებდა, თუ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, რამდენი მშენებელი, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენელი...

უახლოეს მომავალში გვექნება პირველადი დოკუმენტი და გაზაფხულზე, როდესაც გამოცხადდება მიღება, კვოტები გადანაწილდება შრომის ბაზრის ანალიზის მიხედვით.

რაც შეეხება მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობას, დარჩება აბსოლუტურად იგივე.

„გიდასტურებთ - 2026 და მომდევნო წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა იქნება სრულიად უფასო“...

მომდევნო წლიდან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულებისთვის სწავლა იქნება უფასო და სისტემა სრულად ამოქმედდება ხუთ წელიწადში“, - განმარტა კობახიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203