
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
სამხედრო მოსამსახურეებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს თავდაცვის ძალების შემადგენლობა და სტრუქტურა, არსებული სიახლეები, სამსახურის ფორმები და თავდაცვის ძალებში არსებული სხვადასხვა სოციალური პირობა.
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სტუმრებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში, პრეზენტაციების სახით მოუთხრეს თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანები, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები.
მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო ინფორმაცია საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. ისინი დაინტერესდნენ საქართველოს ეროვნული გმირებით, მათ უშუალოდ ჯარისკაცებისაგან მოისმინეს თითოეული მათგანის გმირობის ისტორია.
შეხვედრაზე მოსწავლეებს მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებისა და თემატურად მომზადებული ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნულმა შეხვედრამ ჩაიარა მაღალი ინტერესისა და ჩართულობის ფონზე, რისთვისაც მადლობას უხდიან როგორც თავდაცვის სამინისტროს ასევე უშუალოდ შეხვედრაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს.
იხილეთ ფოტოები: