
6 დეკემბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9) სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება.
გამოცდაზე რეგისტრირებულთა საყურადღებოდ: A დონის გამოცდისათვის რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათზე, გამოცდა - 10:00 საათზე. B დონის გამოცდისათვის რეგისტრაცია - 14:00 საათზე, გამოცდა - 15:00 საათზე.
აუცილებელია რეგისტრირებული აპლიკანტები დროულად გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში - დაგვიანების შემთხვევაში ისინი გამოცდაზე აღარ დაიშვებიან.
აპლიკანტებმა საგამოცდო ცენტრში უნდა წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სათანადო წესით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი/დოკუმენტები შედგენილია უცხო ენაზე, აუცილებელია გამოსაცდელებმა წარმოადგინონ მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია თან იქონიოს: წყალი პლასტმასის ბოთლით. გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონისა და ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის, გამორთულ მდგომარეობაში შეტანა. ზედმეტი ნივთების დატოვება შესაძლებელი იქნება ნივთების შესანახ სივრცეში.
ტესტის მაქსიმალური ქულაა - 100, ხოლო საგამოცდო დრო - 2 საათი და 39 წუთი.