
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და აქ განათლების სამინისტროს მხარდაჭერა, ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი, რათა შევიმუშაოთ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული სქემა და საბოლოოდ ამ ადამიანებს დავარქვათ „პედაგოგები“ იმიტომ, რომ ისინი ამ სტატუსს იმსახურებენ“, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილი რეკომენდაციების განხილვისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, წარმოუდგენელია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებული კადრები, განსხვავებულ ანაზღაურებას იღებდნენ:
„წარმოუდგენელი აცდენაა - ერთი და იგივე პოზიციაზე მომუშავე პერსონალისთვის, მუნიციპალიტეტების მიხედვით, ოთხმაგი სხვაობაა ხელფასებში და ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, შემუშავდეს ერთიანი სახელფასო სისტემა და იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამის რესურსი არ ექნებათ, ცენტრალური ბიუჯეტიდან უზრუნველყოს მხარდაჭერა, რათა ყველა ბაღში - დირექტორით დაწყებული, ადმინისტრაციული პერსონალით დამთავრებული - ყველას ჰქონდეს ერთნაირი ხელფასი. არ შეიძლება რეგიონების მიხედვით ადამიანების განსხვავება და ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი 2026 წლიდან გაკეთდეს.
გარდა ამისა, ჩვენ გვჭირდება ხარისხიანი, ევროპული სტანდარტების, მაგრამ საქართველოში დამზადებული სათამაშოები, ქართული ლიტერატურა და ქართული ზღაპრები უნდა დავაბრუნოთ ბაღებში“, - დასძინა დეპუტატმა.