ნაფიჩხოვოს თემის N1 სკოლის მე-9 კლასელებმა ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრებასა და შემოქმედებას ფართომასშტაბიანი პროექტი მიუძღვნეს
03-12-2025

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი ნაფიჩხოვოს თემის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს ფართომასშტაბიანი და საინტერესოდ შედგენილი პროექტი, რომელიც ცნობილი შვედი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა.

პროექტის ინიციატორი გახლდათ პედაგოგი ზოია შენგელია.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო აუდიტორიისთვის გაეცნო ავტორის ბიოგრაფია, მისი ცნობილი წიგნები, ისეთი პერსონაჟების მნიშვნელობა, როგორიცაა „პეპი გრძელწინდა“, „რონია - ყაჩაღის ქალიშვილი“ და „ძმები ლომგულები“, ასევე ეჩვენებინათ, თუ რატომ იქცა ლინდგრენი ბავშვთა ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, სადაც დეტალურად ისაუბრეს ლინდგრენის ბავშვობაზე, მის მკვეთრ იუმორზე, თავისუფლების იდეებზე და მათ როლზე თანამედროვე ბავშვთა აღზრდაში.

წარდგენილმა მასალამ ნათლად აჩვენა, რომ მწერლის გმირები მხოლოდ მხიარული პერსონაჟები კი არა, არამედ გამბედაობის, სიკეთის, ჭკუამახვილობისა და დამოუკიდებლობის მაგალითები არიან.

პრეზენტაციას ახლდა კითხვისეული ამონაწერები, საინტერესო ფოტოკოლაჟები და მოსწავლეთა მიერ შექმნილი ილუსტრაციები. პროექტმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა თავისი საფუძვლიანობითა და კრეატიულობით.

პროექტის გაგრძელებად, ნაფიჩხოს N1 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა სპეციალურად მოამზადეს თეატრალური წარმოდგენა ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოების -„პეპი გრძელწინდას“ მიხედვით. მოსწავლეებმა სცენარი თავადაც დაამუშავეს, შეარჩიეს კოსტიუმები, შექმნეს დეკორაციები და მთელი ენთუზიაზმით აჩვენეს სასკოლო საზოგადოებას პეპის მხიარული, თამამი და დაუცხრომელი ბუნება.

სპექტაკლში გამოჩნდა პეპის ურთიერთობა ტომისა და ანიკასთან, მისი საოცარი ფანტაზია, სითამამე და კეთილი გული. დადგმას ახლდა მუსიკა, იუმორისტული ეპიზოდები და ბავშვების მიერ შესრულებული პატარა ქორეოგრაფიული სცენებიც.

„წარმოდგენა ძალიან თბილი და ემოციური გამოვიდა - როგორც უფროსები, ისე პატარა მოსწავლეებიც დიდ სიამოვნებით ჩაერთნენ ამ შემოქმედებით პროცესში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203