„ასტრიდობა“ - მხიარული და ფერადი სასკოლო დღესასწაული ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში
25-11-2025

14 ნოემბერი ბავშვების საყვარელი ავტორის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. თარიღი ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა. 

IV კლასში, პედაგოგ ელისო აბესაძის ხელმძღვანელობით, ნამდვილი დღესასწაული - „ასტრიდობა“ მოეწყო, მოსწავლეებს წიგნის კითხვის მნიშვნელობა შეახსენა და პატარებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა. 

„ნამდვილი ასტრიდობა გინახავთ? ყველაზე მხიარული და ფერადი სასკოლო დღესასწაულია! ისეთი, სკოლის კედლებსაც რომ სცდება მოსწავლეთა ჟრიამული. პერსონაჟები პეპი, კარლსონი, რონია, რასმუსი და ბიულერბიელი ბავშვები წიგნებიდან პირდაპირ კლასში გადმოცხოვრდნენ და N36 სკოლაში სწავლის სურვილიც გამოთქვეს. ჩაერთნენ თამაშებსა და კონკურსებში, თავი გამოსცადეს თავსატეხების ამოხსნაში, იცეკვეს, იმღერეს და ასტრიდობა მართლაც დაუვიწყარ დღედ აქციეს.

IV კლასელებისთვის ეს დღე ლამაზ მოგონებად დარჩება. ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს წიგნის მნიშვნელობა და მიხვდნენ, რომ ყველა გმირში არის თავისუფლების, სიხარულის მინიჭების, სიყვარულისა და ოცნების ძალა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ცნობილი შვედი მწერალი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნი და ფილმის სცენარი 1907 წლის 14 ნოემბერს დაიბადა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: „პეპი გრძელწინდა“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“ ,„ლიონებერგელი ემილი“ და „ბიულერბიუელი ბავშვები.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203