გალაკტიონის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი დღესასწაული ​ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში
24-11-2025

17 ნოემბერი ქართული პოეზიის მეფის გალაკტიონის დაბადების დღეა. ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში გამორჩეულად აღნიშნეს. 

მე-9 კლასის მოსწავლეებმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თინათინ ჩიხლაძემ, პოეტის იუბილესადმი მიძღვნილი ლიტერატურული ღონისძიება ნამდვილ შემოქმედებით დღესასწაულად აქციეს.

საღამოს მთავარი გზამკვლევი გახდა პოეტის მარადიული სიტყვები: „ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.” 

და მართლაც - შთამომავლობამ, ახალი თაობის სახით, ამ სიტყვებს პასუხი თავად სცენიდან გასცა.

სიტყვები იქცა ფერებად და ჰანგებად – მოსწავლეებმა წაიკითხეს გალაკტიონის უკვდავი ლექსები, გაახმოვანეს მთაწმინდის ქარი, ცისკარში აელვარეს მთვარე და სიყვარულის მუსიკით ააჟღერეს პოეტის მდუმარე სტრიქონები.

მაყურებელმა იხილა პოეტის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები, მოსწავლეების მიერ შექმნილი ვიდეოკოლაჟები, პოსტერული კომპოზიციები, ნახატები და ილუსტრაციები.

საღამო მხოლოდ ლიტერატურული წარმოდგენა არ ყოფილა – ეს იყო დიალოგი თაობებს შორის. გაგვახსენა, რომ დიდი სიტყვა დროს არ ემორჩილება და პოეტი მხოლოდ წიგნებში კი არ ცხოვრობს – ის იქ არის, სადაც ვიღაც გულით კითხულობს მის სტრიქონებს.

„მადლობა თინათინ ჩიხლაძესა და მე-9გ კლასის ნიჭიერ მოსწავლეებს – მათ მოახერხეს, რომ გალაკტიონი კიდევ ერთხელ წარმდგარიყო როგორც ქართული სულის ნაწილი, პოეზიის მუდმივი სინათლე და დროის გასაღები თაობებს შორის“,-აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლის შემოქმედებითი მიდგომა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203