„ჩვენთვის და იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც 12 წელი ქართულად სწავლობენ, ერთი სირთულის საკითხები არ უნდა იყოს“ - არაქართულენოვანი აბიტურიენტი
„ვფიქრობ, ჩვენთვის და იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც 12 წელი ქართულად სწავლობენ, ერთი სირთულის საკითხები არ უნდა იყოს“ - ამის შესახებ Etaloni.ge-სთან საუბრისას არაქართულენოვანმა აბიტურიენტმა, მარიამ არუთინოვმა ისაუბრა. ამასთან, მარიამმა კიდევ ერთ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ძალიან ცუდია, რომ წელს არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ბარდება და მათ არჩევანის შესაძლებლობა არ აქვთ.
„პირობები არ იყო ცუდი, გრილოდა, მაგრამ საკითხები გამიჭირდა, რადგან არ ვარ ქართულენოვანი. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის და იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც 12 წელი ქართულად სწავლობენ, ერთი სირთულის საკითხები არ უნდა იყოს. მე რუსულად ვსწავლობდი და ამ ენაზე ვაბარებ უნარებს. რაც შეეხება მეოთხე, არჩევითი საგანის გამოცდას, ადრე ამ მხრივ ენის არჩევა შეიძლებოდა, წელს კი ქართულად ჩაბარებაა აუცილებელი, რაც ძალიან ცუდია,“ - აღნიშნავს არაქართულენოვანი აბიტურიენტი მარიამ არუთინოვი.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებზე არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება - აბიტურიენტები არჩევით გამოცდებზე ტესტირებას რუსულ ენაზე ვეღარ გაივლიან. ცვლილების თანახმად, გამონაკლისი მხოლოდ იმ აბიტურიენტებს შეეხებათ, რომელთაც ზოგადი განათლება მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათ კვლავ შეეძლებათ გამოცდა მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და სამოქალაქო განათლებაში ჩააბარონ რუსულ ენაზე. სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილება არ შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას. ეს გამოცდა ჩატარდება ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე.