რუსთავის N23 სკოლის მე-3 კლასელთა შთამბეჭდავი გაკვეთილი-მოსწავლეებმა მცენარის სტრუქტურა როგორც  თეორიულად, ისე პრაქტიკული გამოცდილებით შეისწავლეს
18-11-2025

თანამედროვე განათლებაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლე მხოლოდ მსმენელი კი არა, აქტიური შემსრულებელია. ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის III  კლასში (მასწავლებელი  - ეკატერინე იაშვილი) ჩატარებული ღია გაკვეთილი, თემებზე - „ყვავილოვანი მცენარეები“ და „ფუნჯა და მთავარღერძა ფესვები“ ამის ნათელი მაგალითია.

გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს მცენარის სტრუქტურა, მისი ძირითადი ნაწილები და ფესვების ტიპები გაეაზრებინათ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკული გამოცდილებით.

გაკვეთილი დატვირთული იყო სახალისო და საინტერესო აქტივობებით, თუმცა გაკვეთილის ყველაზე ინტერაქტიული ნაწილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი მცენარის მაკეტები. ხელნაკეთი „ხეები“, ფესვების ტიპებითა და დეკორატიული ელემენტებით, იქცა შემოქმედებით ლაბორატორიად, სადაც თითოეულმა ბავშვმა შეძლო მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.
 
მოდელირების პროცესი: აუმჯობესებს სივრცით და ლოგიკურ აზროვნებას, ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას, აძლიერებს სწავლების ემოციურ ხასიათს, და ყველაზე მთავარია - აჩვენებს, რომ მოსწავლე ყვავილოვან მცენარეს არა მხოლოდ თეორიულად, არამედ ვიზუალურად და მოტორული გამოცდილებითაც იაზრებს. ბუნების სწავლება მაშინ ხდება სრულყოფილი, როდესაც ბავშვები მხოლოდ მოსმენით არ შემოიფარგლებიან - ისინი ხედავენ, ეხებიან, ქმნიან და თავად ხსნიან.  სწორედ ამ მიდგომამ აქცია გაკვეთილი ინტერაქტიულ სარეკომენდაციო პრაქტიკად.
 
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი გაკვეთილები ხელს უწყობს ბუნების სიყვარულს, შემოქმედებითობას, კვლევის უნარებს და პასუხისმგებლობით შესრულებულ მუშაობას - კომპონენტებს, რომლებიც შემდგომი სწავლისთვისაც და ზოგადად, პიროვნული განვითარებისათვისაც აუცილებელია.
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203