2017-2018 წელს სკოლებში დისციპლინური გადაცდომის, აკრძალური ნივთების აღმოჩენის, ფიზიკური დაპირისპირებისა და კონფლიქტის 96 084 შემთხვევა დაფიქსირდა
02-07-2018
2017-2018 სასწავლო წელს სკოლებში დისციპლინური გადაცდომის, აკრძალური ნივთების აღმოჩენის, ფიზიკური დაპირისპირებისა და კონფლიქტის, ასევე ვანდალიზმის 96 084 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული მონაცემები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

მისივე ინფორმაციით, გამოვლენილი დარღვევებიდან ყველაზე მეტი შემთხვევა დისციპლინურ გადაცდომას უკავშირდება:

„დისციპლინურ დარღვევებში იგულისხმება ძირითადად დაგვიანება, ან გაპარვა სკოლიდან. რაც შეეხება სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რომელიც ცალკე კლასიფიცირდება, ამის შესახებ ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას, ხოლო რაც შეეხება ფსიქოლოგთან რეფერირებას, ესენი არის ბულინგის შემთხვევები, რომლებსაც მართვა სჭირდება. ფსიქოლოგთან რეფერირების მაჩვენებლები 2017-2018 სასწავლო წელს ცოტა ნაკლებია, ვიდრე წინა წელს, ვინაიდან სკოლებიდან, სადაც ფსიქოლოგი დაემატა, ცენტრში რეფერირების საჭიროება აღარ გახდა საჭირო, ამიტომ ეს მონაცემი არ აღირიცხებოდა“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

სკოლაში აკრძალული ნივთების შეტანასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მაღალი რისკის მქონე ნივთების შეტანა არ ხდება დიდი რაოდენობით, თუმცა „ასეთი ნივთების შეტანა პირდაპირ ბმაში არის მედიაში გახმაურებულ ინფორმაციასთან, რომ მოსწავლეებმა დაჭრეს, ან იჩხუბეს“. 

„როცა ფსიქოლოგებმა ჩაატარეს კვლევა, გამოიკვეთა გარკვეული შიშები, ანუ როცა ინფორმაცია ვრცელდება, რომ ვიღაცამ ვიღაცა დაჭრა, ის მოსწავლეები, ვისაც გარკვეული შიშის ფაქტორი აქვს, მეორე დღეს მიდის რაიმე ნივთით შეიარაღებული“, - აღნიშნა ლია გიგაურმა.

მინისტრის მოადგილემ ცალკე ისაუბრა დარღვევებზე, რომლებიც 14 წლამდე მოზარდებს ეხება.

„ცალკე გამოვყავით დარღვევები, რომლებიც 14 წლამდე მოზარდებში გამოიკვეთა და ესენია - აზარტული თამაშები და ეს ეხება როგორც კომპიუტერულ თამაშებს, ასევე ბანქოს. ამასთან, გამოიკვეთა აკრძალული ნივთების ფლობა, ალკოჰოლის მოხმარების მცდელობები და თამბაქოს მოხმარება. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა თანხის შეგროვების, იყო ასევე მოსწავლეთა შორის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სავარაუდო ნარკოტიკული საშუალების მოხმარების 1 და 2 შემთხვევა, თუმცა ამ ფაქტების შემდეგ მშობლებმა სკოლებში მოიტანეს ცნობები, რომ აბები, რომელსაც ბავშვები ფლობდნენ, ექიმის მიერ იყო დანიშნული. მოცემული გვაქვს ასევე ინვენტარის დაზიანების შემთხვევები. ყველა შემთხვევა, რომელზეც მე ვსაუბრობ, სკოლის პერიმეტრის შიგნით, ან სკოლის ეზოში არის დაფიქსირებული,“ - განაცხადა ლია გიგაურმა.

დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ საკანონმდელო ორგანოში ბულინგის აღმოფხვრის სტრატეგია წარადგინა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203