გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
18-11-2025

14 ნოემბერს ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში თარიღი გამორჩეულად აღნიშნეს.

სკოლაში გამორჩეულად თბილი და ზღაპრული ატმოსფერო სუფევდა. მოსწავლეებმა განსაკუთრებული ყურადღება და სიყვარული მიუძღვნეს ბავშვების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ავტორს ასტრიდ ლინდგრენს, რომლის გმირები უკვე ათწლეულებია მსოფლიოს ბავშვებს სიხარულით ავსებს.

ღონისძიება დაიწყო ჩვენი საოცარი და ნიჭიერი გოგონას მე-7 კლასის მოსწავლის - ნია კახაძის მომზადებული ულამაზესი პრეზენტაციით თემაზე - Pipi Longstocking („პეპი გრძელწინდა“).

ნიამ არა მხოლოდ წიგნის შინაარსი გაგვაცნო, არამედ პეპის დაუმორჩილებელ ენერგიას, სიმართლესა და თავგადასავლების სიყვარული საოცრად ცოცხლად გადმოგვცა. მისმა პრეზენტაციამ ბავშვებს და მასწავლებლებს კიდევ ერთხელ გაახსენა, რატომ არის პეპი ყველა ასაკის მკითხველის საყვარელი გმირი.

ღონისძიების მეორე ნაწილი კი კიდევ უფრო ემოციური და მხიარული აღმოჩნდა. გოგონებმა გაითამაშეს თეატრალური წარმოდგენა - „პეპი და მისი მეგობრები“. სცენაზე პეპის სამყაროს ფერები, თავგადასავლები და ხალისი გაცოცხლდა. მათ ოსტატურად გადმოსცეს პეპის უშიშრობა, მეგობრობა და მისი მხიარული ყოველდღიურობა.

„მადლობა ინგლისური ენის პედაგოგს - ნათია არსენაშვილს თანადგომისთვის. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ წიგნები, ფანტაზია და შემოქმედებითი აქტივობები ბავშვებში აძლიერებს თავგადასავლების სიყვარულს და ამდიდრებს მათ სამყაროს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ცნობილი შვედი მწერალი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნი და ფილმის სცენარი 1907 წლის 14 ნოემბერს დაიბადა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: „პეპი გრძელწინდა“,„სახურავის ბინადარი კარლსონი“ ,„ლიონებერგელი ემილი“ და „ბიულერბიუელი ბავშვები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203