
განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა სკოლის დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრა ჩაატარეს, სადაც რიგ საკითხებთან ერთად, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის დოკუმენტიც განიხილეს.
შეხვედრაზე გაირკვა, რომ პედაგოგთა კარიერული წინსვლა დონეებად, უფრო კონკრეტულად კი 3 დონედ დაიყოფა. აი რა წერია პრეზენტაციაში:
„სკოლის დონეზე - დამატებითი ფუნქციის შესრულების ვალდებულება აქვს მხოლოდ წამყვან მასწავლებელს/ სპეციალურ მასწავლებელს, ხოლო კარიერული წინსვლის სურვილის შემთხვევაში, უფროს მასწავლებელს/ სპეციალურ მასწავლებელსაც ეძლევა დამატებითი ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა როგორც წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მაძიებელს.
რაიონულ დონეზე - ფუნქციის შესრულების ვალდებულება აქვს მხოლოდ მენტორ მასწავლებელს/ სპეციალურ მასწავლებელს, ხოლო კარიერული წინსვლის სურვილის შემთხვევაში, წამყვან მასწავლებელსაც/სპეციალურ მასწავლებელსაც ეძლევა დამატებითი ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა როგორც მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მაძიებელს.
ეროვნულ დონეზე - მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე პირს, რომელსაც კომისიის მიერ დადებითად აქვს შეფასებული რაიონის დონეზე 2 წლის განმავლობაში ფუნქციის შესრულება განათლების სისტემაში, ეროვნულ დონეზე შესაბამისი კარიერული მიმართულებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას უპირატესობა მიენიჭება საკონკურსო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში“.