
ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლაში ყოველი დილა საქართველოს ჰიმნით იწყება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ინიციატივას სკოლა დიდი სიხარულითა და პასუხისმგებლობით შეუერთდა. სიახლეს დიდი მხარდაჭერა მოჰყვა მშობლებისა და მოსწავლეების მხრიდანაც.
როგორც სკოლის დირექტორი თეა მეტრეველი აღნიშნავს, ეროვნული ღირებულებების შეხსენება და მოსწავლეთა პატრიორტული სულისკვეთების ამაღლება მნიშვნელოვანი და დროულია.
მისი თქმით, ყოველ დილით ჰიმნის შესრულება ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ აღიქვან საკუთარი ქვეყნის სიმბოლოები, გააცნობიერონ მოქალაქეობრივი ვალი.
„ამ ინიციატივასთან დაკავშირებით სიტყვებიც ზედმეტია, ძალიან დროული იყო, უკვე 2 თვეა ყოველი სასწავლო დღის დაწყების წინ ვაჟღერებთ საქართველოს ჰიმნს, მასწავლებლების და მოსწავლეებიც აღფრთოვანებული არიან საოცარი სანახავია გულზეხელდადებული, ჰიმნს აყოლილი ახალგაზრდები, ეს მათში აღვივებს პატრიოტიზმს, სამშობლოს სიყვარულს, პატივისცემას ქვეყნის სახელმწიფოს სიმბოლიკის პატივისცემას. არ შეიძლება ეს ყველაფერი დადებითად არ აისახოს ახალგაზრდების სულიერ განვითარებაზე. მიხარია და მეამაყება, როცა ვხედავ როგორ უხარიათ სკოლაში მოსვლა და ამ ტრადიციაში მონაწილეობა. მჯერა, ჩვენი აღსაზრდელები ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები აღიზრდებიან“,- აღნიშნავს დირექტორი.
ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლა მზად არის განაგრძოს ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ინიციატივების მხარდაჭერა.