
„ჩემი ხატია სამშობლო, სახატე - მთელი ქვეყანა“... - დღეს საქართველოს სკოლებში გაკვეთილები საქართველოს ჰიმნით იწყება. განათლების მინისტრის თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაგვიანებების მაჩვენებელმაც კი იკლო - ბავშვები მოიჩქარიან, რათა ჰიმნი მოისმინონო.
ინიციატივა ძალიან მოსწონთ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში; დირექტორი, ავთანდილ ვანაძე etaloni.ge-სთან იმასაც დასძენს, რომ საქართველოს ჰიმნი სკოლაში სხვადასხვა შეჯიბრების დაწყებამდეც ჟღერს:
„მისასალემებელია გაკვეთილების დაწყება საქართველოს ჰიმნით... სწორედ ასეთი მიდგომების დამსახურებით, მომავალი თაობისთვის უცხო არ არის პატრიოტიზმის გრძნობა - ბავშვებს უყვართ სამშობლო და იციან, რომ უნდა ემსახურონ მას.
ჩვენთან სხვადასხვა ოლიმპიადისა თუ შეჯიბრების, მოსწავლეთა გამარჯვების დროს ჟღერს საქართველოს ჰიმნი, რაც საზეიმო ელფერს სძენს ნებისმიერ ღონისძიებას. ასე რომ, ინიციატივას მხოლოდ მივესალმებით“.