
„გაკვეთილების დაწყება საქართველოს ჰიმნით ჩვენს ახალგაზრდებს მეტად გაუღვივებს პატრიოტულ სულისკვეთებასა და სიყვარულს სამშობლოს მიმართ“ - განათლების მინისტრის ინიციატივას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები დადებითად შეხვდნენ; ამასვე აღნიშნავს etaloni.ge-სთან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, თამარიანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია მაძღარაშვილი, თუმ,ცა დასძენს, რომ სკოლაში ეს ტრადიცია უკვე წლებია დამკვიდრებულია და ბავშვებიც სიამაყით უსმენენ საქართველოს ჰიმნს:
„მოხარული ვარ, რომ სკოლებში გაკვეთილების დაწყებამდე ჟღერს საქართველოს ჰიმნი. ჩვენი ვალია, ქვეყანას ღირსეული მოქალაქეები აღვუზარდოთ, რაც წარმოუდგენელია პატრიოტიზმის გრძნობის გარეშე. მსგავსი მიდგომების დამკვიდრება კი ხელს გვიწყობს ჩვენ, პედაგოგებს, მომავალ თაობას მეტად შევაყვაროთ სამშობლო, გავუღვივოთ პატრიოტიზმი, ვასწავლოთ ქვეყნის, ოჯახის სიყვარული და მივცეთ საფუძვლიანი განათლება. სწორედ ამ უნარების ერთობლიობა ქმნის წარმატებულ, ღირსეულ მოქალაქეს. მე კი ვამაყობ, რომ ამ ინიციტივის გაჟღერებამდე, ჩვენს სკოლაში ტრადიციად გვაქვს დამკვიდრებული საქართველოს ჰიმნის ფონზე გაკვეთილების დაწყება, რაც მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ“.