
„ჩემი ხატია სამშობლო, სახატე - მთელი ქვეყანა“... - დღეს საქართველოს სკოლებში გაკვეთილები საქართველოს ჰიმნით იწყება. განათლების მინისტრის თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაგვიანებების მაჩვენებელმაც კი იკლო - ბავშვები მოიჩქარიან, რათა ჰიმნი მოისმინონო.
ინიციატივა ძალიან მოსწონთ დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში. დირექტორის მოადგილე, თეა გაჩეჩილაძე etaloni.ge-სთან იმასაც დასძენს, ძალიან კარგი იქნება, მართლმადიდებელმა ბავშვებმა გაკვეთილების დაწყებამდე „მამაო ჩვენოც“ რომ წაიკითხონო:
„გაკვეთილების დაწყებამდე ჰიმნის გაჟღერება პატრიოტიზმის გრძნობას უღვივებს მოსწავლეებს და მათაც ძალიან მოსწონთ ეს ინიციატივა... თუმცა, პირადად ვისურვებდი, მართლმადიდებელმა მოსწავლეებმა სასწავლო პროცესის დაწყებამდე „მამაო ჩვენოც“ წაიკითხონ. ხაზგასმით ვამბობ, ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია. ჩვენთან მე-12 კლასში ისწავლება რელიგიების ისტორია, მაგრამ ეს განსხვავებულია იმისგან, რასაც ვგულისხმობ. ჰიმნით გაკვეთილების დაწყებას კი მივესალმები“.