
საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა, რომ 2025 წლისთვის ხარჯის მაჩვენებელი 8 მილიარდ 500 მილიონ ლარს აჭარბებს. გაზრდილი დაფინანსების პირობებში, შესაძლებელი გახდა პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების ზრდა, კერძოდ:
70 წლამდე პენსიონერთა პენსიის მატებამ 110 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 132 ლარი შეადგინა;
70 და მაღალი ასაკის პირთა პენსიის მატებამ 175 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 210 ლარი შეადგინა;
დაფინანსდა 85 ათასზე მეტით გაზრდილი ბენეფიციართა რაოდენობა;
40%-ზე მეტად გაიზარდა ყოფილი ჯარისკაცებისა და პოლიციელების კომპენსაციები, ხოლო კომპენსაციის ზედა ზღვარი 560 ლარიდან გაიზარდა 1035 ლარამდე;
პენსიების ზრდის შესაბამისად, გაიზარდა სხვადასხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლები;
დახმარების მიმღებ 16 წლამდე ბავშვთა სოციალური სარეიტინგო ქულა 100 ათასიდან გაიზარდა 120 ათასამდე, ხოლო უშუალოდ ბავშვის ყოველთვიური დახმარების მოცულობა გაოთხმაგდა და თვეში 200 ლარს შეადგენს;
ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 600 მილიონ ლარზე მეტით.
ლაშა ხუციშვილმა ასევე ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით (საბავშვო ბაღების დაფინანსების ჩათვლით) გაზრდილ დაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ დაფინანსება გაზრდილია 2 მილიარდ ლარზე მეტით (ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 22%) და 2025 წელს ამ სფეროს დაფინანსება 4 მილიარდ ლარს აჭარბებს. გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში შესაძლებელი გახდა საჯარო სკოლების მასწავლებელთა საშუალო ხელფასის ზრდა 700-800 ლარის ფარგლებში, ხოლო საბავშვო ბაღების პერსონალის საშუალო ხელფასის 400-500 ლარით ზრდა.