
სამხრეთ კორეაში ძალაში შევიდა უმაღლეს სასწავლებლებში მიღების ახალი წესები, რომელებიც კარდინალურად ცვლის სტუდენტების შერჩევის პრინციპებს.
ახლა ქვეყნის უნივერსიტეტები აკვირდებიან არა მხოლოდ აბიტურიენტების აკადემიურ მიღწევებს, არამედ მათ ყოფა-ქცევას სასკოლო წლებში.
როგორც ონლაინ გამოცემა Korean Herald წერს, 45-მა აბიტურიენტმა უკვე ვერ შეძლო უნივერსიტეტებში ჩაბარება თანაკლასელების ბულინგის გამო, რადგან უმაღლესმა სასწავლებლებმა აპლიკანტების მიღებისას მათი ბულინგში მონაწილეობა გაითვალისწინეს. მათ უარი მიუღებელი საქციელის გამო ეთქვათ.
აბიტურიენტების განაცხადი არ მიიღეს ქვეყნის ისეთმა ცნობილმა უმაღლესმა სასწავლებლებმა როგორიცაა: სეულისა და იუნგბოკის უნივერსიტეტები. ამ უკანასკნელში დისციპლინის მკაცრი სისტემა მოქმედებს - წესრიგის დამრღვევებს ახლა საჯარიმო ქულებს ურიცხავენ მათ მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის შესაბამისად.
მომავალი წლიდან კი უკვე ქვეყნის ყველა უნივერსიტეტი იქნება ვალდებული, აპლიკანტების მიღებისას გაითვალისწინოს სკოლაში ძალადობაში მონაწილეობის შესახებ მონაცემები.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ღონისძიებები მიმართულია უფრო ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს ფორმულირებისა და ახალგაზრდებში ძალადობის პროფილაქტიკისთვის. სიახლეს უკვე მოჰყვა დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი: მშობლები და მოსწავლეები განიხილავენ, როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს წარსულმა მომავალზე, თავად უნივერსიტეტები კი ხაზს უსვამენ არა მხოლოდ ცოდნის მნიშვნელობას, არამედ აპლიკანტთა პიროვნულ თვისებებსაც.
ქვეყნის მთავრობა დარწმუნებულია, რომ წესების გამკაცრებას შეუძლია სკოლებში ძალადობა შეამციროს და აამაღლოს მოზარდების პასუხიმგებლობა. ახლა თითოეულ კურსდამთავრებულს უნდა ახსოვდეს: მისი სკოლაში ქცევა შესაძლოა, გადამწყვეტ ფაქტორად იქცეს ცხოვრების გზის არჩევისას.