
„რეპეტიტორის ინსტიტუტს არ სცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად“, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც პედაგოგიურ წრეებში გაურკვევლობა გამოიწვია კანონში ცვლილებამ, რომელიც მეორე სამსახურში დასასაქმებლად სკოლის დირექტორის თანხმობას საჭიროებს.
გასაგებია, რომ რეპეტიტორობა აკრძალული არ არის, თუმცა კანონმდებლობაში არსებობს ჩანაწერი, რომელიც უკრძალავს პედაგოგს საკუთრი მოსწავლის მომზადებას საფასურის სანაცვლოდ.
აღნიშნულ საკითხს მასწავლებლის პროფესიულ ეთიკის კოდექსი არეგულირებს:
„მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა“, - აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.