
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
აღსანიშნავია, მე-2 კლასში ჩატარებული მუსიკის სახალისო და შემოქმედებითი გაკვეთილი თემაზე - „გრძელი და მოკლე ნოტა, პაუზა“.
გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა. პედაგოგმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აქტივობები და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა.
„გაკვეთილის დასაწყისში ბავშვებმა, მასწავლებელთან ერთად, მოუსმინეს აუდიოჩანაწერს, სადაც ისმოდა სხვადასხვა ცხოველის ხმა - ძაღლის ყეფა, ჩიტის ჭიკჭიკი, კატის კნავილი, ძროხის ბღავილი. მოსწავლეებმა დააკვირდნენ, რომ ზოგიერთი ხმა გრძელი იყო, ზოგი კი - მოკლე, ზოგჯერ კი ცხოველები ჩერდებოდნენ, რაც პაუზას ჰგავდა.
შემდეგ ეტაპზე ბავშვებმა გაარჩიეს მუსიკალური ნიშნები - გრძელი და მოკლე ნოტა, პაუზა, და განიხილეს, როგორ შეიძლება ისინი ასახავდნენ ცხოველთა ხმებს.
დასასრულს, მოსწავლეებმა დაამზადეს ფერადი პლაკატი: თითოეულმა აირჩია საყვარელი ცხოველი, დახატა იგი და მის ხმას შეურჩია შესაბამისი მუსიკალური სიმბოლო - გრძელი ან მოკლე ნოტა, ან პაუზა.
პლაკატზე გაჩნდა მხიარული და მრავალფეროვანი „ბუნების ორკესტრი“, სადაც თითოეულ ხმას თავისი ადგილი ჰქონდა“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ აქტივობამ ბავშვებს გააზრებინა, რომ მუსიკა შეიძლება ყველგან იყოს - ბუნებაში, ცხოველებში და მათ ირგვლივ არსებულ ხმებში.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი არმინე წარუკიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: