
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა ხელშეწყობით, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
5 ნოემბერს, მე-3 კლასის მოსწავლეები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტის -„ჩხირკედელა“ - ფარგლებში, მასწავლებლის სახლს სტუმრობდნენ.
მოსწავლეები გაეცნენ საბუნებისმეტყველო კლუბის მრავალმხრივ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით. ვიზიტის ფარგლებში ისინი გაეცნენ ინოვაციურ ექსპერიმენტებს, მათ შორის ნიადაგის გარეშე მცენარეთა ზრდის პროცესს. მოსწავლეებმა გაიგეს, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გარემოსდაცვითი და აგრარული პრობლემების გადაჭრაში. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ პროგრამირებადი რობოტი, რომელიც ავტონომიურად ასრულებდა წინასწარ განსაზღვრულ დავალებებს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობები არა მხოლოდ ავითარებს შემოქმედებით და ლოგიკურ აზროვნებას, არამედ აძლიერებს გუნდურ მუშაობასა და კვლევით მიდგომას. ვიზიტის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ 40 პროექტის საფუძველზე შექმნილი კრებული და სამახსოვრო მაისურები წარწერით „ჩხირკედელა“.
მოსწავლეთა დედაქალაქში ვიზიტი ამით არ დამთავრებულა ისინი მთაწმინდის პარკს სტუმრობდნენ, სადაც გაერთნენ და ბევრი იხალისეს.
ბავშვები შინ ახალი შთაბეჭდილებებითა და ცოდნით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
გასვლით ღონისძიებას ბილინგვური სწავლების სპეციალისტი ინა მანასიანი ხელმძრვანელობდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე: