პენსიონერ მასწავლებლებს სკოლებში აბრუნებენ - სამინისტრო ჩინეთში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიდგომას ცვლის
08-11-2025

ჩინეთის განათლების სამინისტრომ სკოლებში პენსიონერი მასწავლებლების მოსაზიდად 2025 წლის პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა.

სულ ამ სასწავლო წელს ქვეყნის სკოლებში 7 000 პენსიაზე გასული პედაგოგი უნდა დაბრუნდეს, რომელთა ასაკი შეადგენს 65 წელს ან ნაკლებს. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია: პროგრამის დაწყებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში - 2018-დან 2023 წლამდე, ის მხოლოდ 20 000-მა მასწავლებელმა გაიარა. 

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, პროგრამის მიზანია - სწავლების ხარისხის ამაღლება სოფლის სკოლებში. 

მასწავლებლების მოზიდვა რაიონულ დონეზე მოხდება, თანხებს, ძირითადად, სასაზღვრო რაიონები მიიღებენ, სადაც ნაკლებად შეძლებული მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობენ. 

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ 65 წლამდე ასაკის პენსიაზე გასულ მასწავლებლებსა და სკოლის ხელმძღვანელობას. სულ ცოტა ხნის წინ, ჩინეთში პენსიაზე გასვლის ასაკი ქალებისთვის 50 წელი იყო, მამაკაცებისთვის კი 60, ამიტომ ბევრია ისეთი ვინც პროგრამის მოთხოვნებს ერგება. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მასწავლებლები უნდა იყვნენ პოლიტიკურად კეთილსაიმედეო, ფიზიკურად ჯანმრთელი, ჰქონდეთ მაღალი მორალური სტანდარტები და სწავლების დიდი გამოცდილება. 

სამსახურში დაბრუნების შემდეგ მასწავლებლები შეინარჩუნებენ პენსიასა და შეღავათებს, მიიღებენ ხელფასს და - სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე -  მცირე დანამატებს მგზავრობის ხარჯების კომპენსაციისთვის, რადგან ბევრ მათგანს სოფლებში მოუწევს სამუშაოდ გადასვლა. მუშაობის მინიმალური დრო - ერთი სასწავლო წელია. 

გამოცემა China Daily წერს, რომ პროგრამის თავდაპირველი მიზანი იყო, საპენსიო ასაკის მასწავლებლები ახალგაზრდა პედაგოგებს პროფესიულ განვითარებაში დახმარებოდნენ. პროგრამის მონაწილეებს შეუძლიათ ასწავლონ ნახევარ განაკვეთზე, მაგრამ, ძირითადად, მათ უნდა იმუშაონ დირექტორის მოადგილის პოზიციაზე - დაესწრონ სხვა მასწავლებლების გაკვეთილებს და მისცენ მათ უკუკავშირი, გასცენ რეკომენდაციები, ჩაატარონ სადემონსტრაციო გაკვეთილები, მასწავლებელთა კონფერენციები და სემინარები. თუმცა, ზოგიერთ რაიონში ადგილობრივი ხელისუფლება პროგრამას მუდმივი მასწავლებლების პოზიციების შესავსებად იყენებს.

იხილეთ ასევე - როგორ ებრძვიან მასწავლებლების დეფიციტს მსოფლიოში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203