ორლოვკის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა გენმოდიფიცირებული პროდუქტების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს 
06-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში ხშირად მიმართავენ პრეზენტაციებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შესასწავლი საკითხის სიღმისეულ გააზრებას ემსახურება. ასეთ დროს მოსწავლე არის არა მხოლოდ მსმენელი, არამედ შემოქმედი. გარდა იმისა, რომ ის უღრმავდება თემას, ასევე სწავლობს როგორ გადმოსცეს ინფორმაცია ლაკონურად და სხვებისთვის გასაგებად. ეს ყველაფერი კი ავითარებს ანალიტიკურ და ლოგიკურ აზროვნებას. 

ახლახან, მე-12 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ არმინე წარუკიანის ხელმძღვანელობით, გამართეს პრეზენტაცია გენმოდიფიცირებული პროდუქტების შესახებ.

მოსწავლეებმა განმარტეს, თუ რას ნიშნავს გენმოდიფიცირებული ორგანიზმი, როგორ ხდება მისი მიღება და რა მიზნებისთვის იყენებენ მეცნიერები გენურ ინჟინერიას.

მათ ახსნეს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტები იქმნება მაშინ, როცა ორგანიზმის გენეტიკური მასალა სპეციალური ტექნოლოგიით იცვლება, რათა მიიღონ სასურველი თვისებები - მაგალითად, დაავადებებისადმი გამძლეობა, დიდი მოსავალი ან ხანგრძლივი შენახვის უნარი.

პრეზენტაციაში განხილული იყო გენმოდიფიცირებული პროდუქტების როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი პროდუქტები ხშირად ეხმარება სოფლის მეურნეობას და ამცირებს პესტიციდების გამოყენების საჭიროებას, თუმცა ზოგი მეცნიერი აფრთხილებს, რომ შესაძლოა მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე სრულად ჯერ კიდევ შეუსწავლელია.

დასასრულს, მე-12 კლასის მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტების საკითხი მოითხოვს სიღრმისეულ კვლევას, პასუხისმგებლიან გამოყენებას და საზოგადოების ინფორმირებულობას, რათა ადამიანი და ბუნება დაცულნი იყვნენ შესაძლო რისკებისგან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203