ორ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლებისთვის - სამინისტროს განმარტება
02-11-2025

„საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის 1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი. 

ეკრძალებათ თუ არა მეორე სამსახურში მუშაობა მასწავლებლებსა და აღმზრდელებს - ცვლილება 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება

სიახლე ვრცელდება განათლების სექტორზეც. კერძოდ, ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას, საჯარო მოსამსახურე და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირი, მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობით შეძლებს - ხელმძღვანელის თანხმობას ერთწლიანი ვადა აქვს.

რაც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებას, ამ შემთხვევაშიც, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობაა საჭირო, რომელიც კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაიცემა.

საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს (მათ შორის, სსიპ-ში, საჯარო ა(ა)იპ-ში ან შპს-ში) პარალელურად შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს კერძო სექტორში მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობით. თანხმობას ერთწლიანი ვადა აქვს.

თანხმობის გაცემაზე გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში მიიღება და  მისი  გასაჩივრება კანონის მოქმედებას არ აჩერებს“, - განმარტებას განათლების სამინისტრო ავრცელებს მას შემდეგ, რაც პედაგოგიურ წრეებში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა ცვლილებებმა ორ სამსახურში დასაქმებულთათვის.

გასაგებია, რომ აკრძალვა პედაგოგიურ საქმიანობას არ ეხება, თუმცა როგორც etaloni.ge-ს განათლების სამინისტროში განუმარტეს, „იმისთვის რომ მასწავლებელმა შეძლოს ორ სკოლაში მუშაობა, მან უნდა წარადგინოს დამსაქმებლის წერილობითი თანხმობა.

შესაძლოა, მეორე სამსახურის უფროსმა, ამ შემთვევაში დირექტორმა, სულაც არ მოითხოვოს ეს ცნობა, თუმცა პედაგოგმა ის უნდა შეინახოს. დოკუმენტს ერთწლიანი ვადა აქვს, რომლის გასვლის შემდეგაც, პედაგოგმა ახალი თანხმობა უნდა აიღოს და ასე ყოველ წელიწადში ერთხელ.

განათლების სამინისტროში ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „ახალი რეგულაციით, მასწავლებლებს ორ სკოლაში დასაქმება არ ეკრძალებათ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203