მასწავლებლებმა უნდა იყიდონ გაზეთი, სადაც სტალინი „ხორციელ ქრისტედაა“ მოხსენიებული (?) - დმანისის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი დეტალებზე საუბრობს
29-10-2025

„ეს გაზეთი შემოაქვთ ყოველ თვე სკოლაში და ადმინისტრაცია გვთხოვს, იყიდეთო...“ - აღნიშნული სტატუსი დმანისის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგს, ვერიკო გოცირიძეს ეკუთვნის, რომელმაც სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა გაზეთში დაბეჭდილი სტატიის ფოტომასალა.

ფოტოზე ჩანს სტატია სტალინზე, სადაც ვკითხულობთ, რომ იგი „იყო ხორცილი ქრისტე, რომლის დარიც არ ჰყოლია მსოფლიოს“... 

ვიღაცების პოლიტიკური გემოვნების განხილვას არ ვაპირებთ, საინტერესო ისაა, რატომ შედის მსგავსი შინაარსით „დატვირთული“ გაზეთი სკოლაში და რატომ „სთხოვენ“ პედაგოგებს მის შეძენას.

​დეტალების გასარკვევად პოსტის ავტორს - ვერიკო გოცირიძეს დავუკავშირდით. მან etaloni.ge-სთან განმარტა, რომ ეს გაზეთი თვეში ერთხელ გამოდის, სკოლაში შეაქვთ, ხოლო მასწავლებლებს არაპირდაპირ, მიუთითებენ, რომ უნდა შეიძინონ:

„გაზეთი სკოლაში შემოაქვთ და პედაგოგებს გვეუბნებიან რომ უნდა ვიყიდოთ; 1 ლარი ღირს, თუმცა აქ ხომ თანხაზე არ ვსაუბრობთ?! რატომ უნდა ვიყიდო მსგავსი შინაარსის გაზეთი, გაუგებარია.

- ყველა მასწავლებელმა უნდა იყიდოს?

- არა... მაგალითად ადრე გვითხრეს, ვისაც მაღალი ხელფასები გაქვთ, იყიდეთო.

- სტატიის შინაარსი მოსწავლეებთანაც უნდა განიხილოთ?

- არა, მხოლოდ პედაგოგებმა უნდა შევიძინოთ და ესეც მიუღებელია. გაზეთში დმანისში მიმდინარე მოვლენებზეა ხოლმე საუბარი, თუმცა სტალინზე მსგავსი სტატია კატეგორიულად მიუღებელია; ზოგადად, პრობლემა მგონია, არა მხოლოდ რა იბეჭდება ამ გაზეთში, არამედ კონტექსტურად, საინტერესოა, რატომ წამოიწია სტალინის თემამ ახლა“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203