
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელიც ორი მნიშვნელოვანი თარიღის - დედაენის შემქმნელის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისა და მასწავლებლის ეროვნული დღის - აღსანიშნავად მოეწყო.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა ქართველი პედაგოგის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ხოტბა შეასხეს, აღნიშნეს მისი როლი წიგნიერების გავრცელებაში და მადლიერება გამოხატეს იმ საგანძურისთვის, რაც ქართველ ერს დაგვიტოვა
„ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული სითბო და სიხარული სუფევდა! მე-4 კლასის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და მადლიერებით მოგვიძღვნეს თბილი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა მასწავლებლის ეროვნულ დღეს და იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს
პატარა მსახიობებმა გულწრფელი სიტყვებით გაგვახსენეს, რამდენად მნიშვნელოვანი და ფასეულია მასწავლებლის შრომა და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი ქართული განათლების საქმეში. მოსწავლეებმა ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგი დააჯილდოვეს ყველაზე ფასეული საჩუქრით, სიგელით, რომელიც თვითონვე შექმნეს. მადლობა პატარებო. ვულოცავთ ყველა მასწავლებელს ამ მნიშვნელოვან დღეს! მადლობა ჩვენს საოცარ მეოთხეკლასელებს და მათ პედაგოგს თიკუნა დიასამიძე ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იაკობ გოგებაშვილი - საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი 1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა.
იხილეთ ვიდეო