იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წლისთავისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება უფლისციხის საჯარო სკოლაში 
28-10-2025

წელს, ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. ეს ღირსშესანიშნავი თარიღი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა. 

23 ოქტომბერს. სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელიც დიდი ქართველი პედაგოგისა და მწერლის  სახელისა და ღვაწლის უკვდავყოფას მიეძღვნა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწყვეტები „დედა ენიდან“, წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიციები, ილუსტრაციები და მცირე პრეზენტაციები, ისაუბრეს დიდი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე და შეასრულეს სიმღერები.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო იაკობ გოგებაშვილის იდეების - განათლების, შრომისმოყვარეობისა და სამშობლოს სიყვარულის - კიდევ ერთხელ შეხსენება მოსწავლეებისთვის.

პატარებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი დიდ ქართველ მოღვაწეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული სკოლისა და წიგნის ტრადიციას და გაიაზრეს, რომ ცოდნა, ენა და კულტურა ჩვენი ეროვნული სიმდიდრეა.

გოგებაშვილის „დედა ენა“ კი - შეუფასებელი მემკვიდრეობა, რომელსაც ყოველ ახალ თაობას სიამაყით გადავცემთ.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ბიბლიოთეკარმა მედეია გოგიაშვილმა, რომელსაც სკოლაში შრომისა და შემოქმედებითობისთვის მადლობას უხდიან, 

„დიდ მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორს უფლისციხის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარს - მედეია გოგიაშვილს, გაწეული შრომისთვის და დაწყებითი საფეხურის დამრიგებლებს დახმარებისა და გვერდში დგომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203