
კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
მხიარული ფერებითა და ლაღი განწყობით შეაბიჯეს პირველკლასელებმა „ანი“-სა და „ინი“-ს სამყაროში.
ქართულის გაკვეთილი მეტად საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. გაიხსენეს წინასაანბანო პერიოდში ნასწავლი ლექსები - ქართულ ენაზე, ანბანზე, ხალისით მარცვლიდნენ და ასო-ბგერებად შლიდნენ სიტყვებს. დიდი ინტერესით მოისმინეს ზღაპარი „აურზაური ანბანეთში“. გაითამაშეს პატარა სცენარიც იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებიდან.
პატარებმა ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და პირვლი მასწავლებელი სიაამყით აღავსეს.
„იისფერი ბაფთა და ყვავილი სასიამოვნო და სიმბოლური შტრიხი იყო პირველკლასელთა ჩაცმულობაში. გულს ატკბობდა ლამაზი გოგო-ბიჭების სხივნათელი და მოციმციმე თვალები. უხაროდათ, მოსწონდათ, ვინაიდან პირველად ეზიარნენ მშობლიურ ანბანს“,- გვიყვებიან სკოლაში და პატარებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: