
27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ გამორჩეულ თარიღთან დაკავშირებით, სკოლა „ანაბასისში“ კვირეული გაიმართა.
იაკობ გოგებაშვილის კვირეულის ფარგლებში, პირველ კლასში „ანბანის შემობრძანება“ აღინიშნა თბილი პროექტით - „ჩვენი ტკბილი დედაენის სითბო, მზის ფერებით მოხატული ყდები“.
პირველკლასელებს, რომლებიც სწორედ ახლა იკვლევენ ანბანის ჯადოსნურ სამეფოსკენ მიმავალ გზას, დაემგზავრნენ მე-4 კლასელები - უკვე გამოცდილი და ცოდნით სავსე მეგზურები. ეს ერთობლივი მოგზაურობა მხიარული, ფერადი და ემოციური აღმოჩნდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებში გუნდური მუშაობის, ურთიერთდახმარების და კრეატიული აზროვნების უნარის განვითარება. მე-4 კლასელებმა პატარებს უამბეს არაერთი საინტერესო ამბავი ანბანისა და ქართული დამწერლობის შესახებ. ისინი ნამდვილი მასწავლებლებივით იქცნენ - არგუმენტირებულად, დარწმუნებით და სიყვარულით აჩვენეს, რამდენი რამ ისწავლეს სამი წლის განმავლობაში. პატარებიც ღირსეულად იღებენ ესტაფეტას - მათი თვალები ინტერესითა და სიხარულით ციმციმებდა. მათ გვერდით იყო ფასილიტატორი, მარინა მასწავლებელი, რომელიც საოცრად თბილად და ენერგიულად არეგულირებდა გაკვეთილზე ყველა მოქმედებას. მისი შრომის შედეგი ნათლად ჩანდა: მოტივირებულ მე-4 კლასელები და შემოქმედებითად მოაზროვნე პირველკლასელები.
პატარებმა წინასაანბანო პერიოდში ნასწავლი მრავალფეროვანი მასალა წარმოადგინეს. ხოლო როცა მარინა მასწავლებელმა წარადგინა ჯადოსნური წიგნიდან გამოქცეული ორი საოცარი ასო - „ი“ და „ა“ - მათი ამბავი ნამდვილ პატარა წარმოდგენად იქცა.
ეს იყო არაჩვეულებრივი მოგზაურობა „ანბანეთის“ სამყაროში, სიხარულით, სიცილით და სიყვარულით სავსე.
„ჩვენი პატარები ახლა უკვე გზაზე დგანან - გზაზე, რომელიც აუცილებლად მიიყვანს მათ ცოდნის ტაძრამდე. წარმატებები პირველკლასელებს, მათ მეგზურ მე-4 კლასელებს და ჩვენს საოცარ მარინა მასწავლებელს! თქვენ ერთად იწყებთ დიდ, შთამბეჭდავ ისტორიას, რომლის მთავარი გმირიც არის ქართული ანბანი!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: