
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
პატარებმა წიგნიერების სამყაროში დიდი სიხარულითა და შემართებით შეაბიჯეს.
მათ მოტივაციაზე კი მზრუნველმა და მოსიყვარულე ნინო მასწავლებელმა იზრუნა და პატარებს საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქცია.
პირველკლასელები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ და საზეიმო, სასწავლო-შემეცნებითი თუ სახალისო აქტივობები დიდი ენთუზიაზმით შეასრულეს.
„ბედნიერი დღეა დღეს ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პირველკლასელთათვის. დღეს ჩვენს სკოლაში ახალი სიცოცხლე შემოიჭრა - ნანო მასწავლებელმა თავის პატარა მერცხლებთან ერთად ანბანი შემოაბრძანა ლამაზ საკლასო ოთახში. როგორ ანათებდა ბავშვების თვალები სიხარულითა და მოლოდინით! ოთახი დღეს განსაკუთრებულად ლამაზად იყო მორთული, თითქოს თითოეული კუთხე სიყვარულითა და მზრუნველობით იყო გაჯერებული. ანბანის შემობრძანების ზეიმი ჩვენთვის მხოლოდ დღესასწაული კი არაა - ეს არის ახალი გზის დასაწყისი, რომელსაც ერთად გავუყვებით.
ყველაფერი, რაც დღეს გარშემო გვახარებს, მშობლებისა და პედაგოგის ერთობლივი შრომის შედეგია. ნანო მასწავლებლის სითბო და პროფესიონალიზმი, მშობლების მხარდაჭერა და ბავშვების ცნობისმოყვარე გულები ქმნის იმ განსაკუთრებულ გარემოს, სადაც სწავლა ბედნიერებად იქცევა. ამ დღიდან იწყება პატარა მერცხლების დიდი ფრენა, და ჩვენ გვჯერა, რომ ისინი აუცილებლად მიაღწევენ თავიანთ მიზნებს, რადგან გვერდით ჰყავთ ნანო მასწავლებელი და ასეთი მოსიყვარულე გარემო.
გმადლობთ ყველას ამ დაუვიწყარი დღისთვის. მოდი, ერთად ვუყუროთ მომავალს იმედით და სიყვარულით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მასწავლებლის შემოქმედებითობა და მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები: