თბილისის N124 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემეცნებით-შემოქმედებითი მოგზაურობა წარსულში
23-10-2025

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები წუღრუღაშენს, ბოლნისის სიონსა და ტანძის შემეცნებით-შემოქმედებითი ექსკურსიით სტუმრობდნენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მანანა ბაქრაძის მიერ სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებისთვის ორგანიზებული სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსია ისტორიითა და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა.

წუღრუღაშენი, ბოლნისის სიონი და ტანძია - ეს ის ადგილებია, სადაც საუკუნეების კულტურა და ქართული იდენტობის ფესვები ერთმანეთშია გადახლართული.

მოგზაურობა დაიწყო წუღრუღაშენში, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს XIII საუკუნის ქართული მართლმადიდებლური გუმბათოვანი ტაძარი. ტაძარზე სამი წარწერაა შემორჩენილი. ერთი კარგად იკითხება, ერთი დაზიანებულია, მესამეს კი მხოლოდ რამდენიმე ასო აქვს. მე-10 კლასელებმა  მოისმინეს საინტერესო ამბები ამ ისტორიული ადგილის შესახებ. ისინი უშუალოდ შეეხნენ იმ არქიტექტურულ ფასეულობებს, რომლებიც საქართველოს წარსულს გვახსენებს და ეროვნული თვითშეგნების აღძვრას უწყობს ხელს.

შემდეგი გაჩერება იყო ბოლნისის სიონი - V საუკუნის ქართული ქრისტიანული არქიტექტურის მარგალიტი. მოსწავლეებმა აღფრთოვანებით დაათვალიერეს უძველესი წარწერები, მასწავლებლისგან, რომელიც ამავე დროს მათი მეგზურიც იყო, მოისმინეს სიონის ისტორია და ისაუბრეს ტაძრის სამ წარწერაზე, როგორც ქართული დამწერლობისა და ენის უძველეს ნიმუშთაგანზე, პალესტინის ქართული წარწერების შემდეგ.

მოგზაურობა დასრულდა ტანძიაში, სადაც ბუნება და ისტორია ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. აქ მოსწავლეებმა გამართეს მცირე შემოქმედებითი სესია, რომელიც მიეძღვნა სულხან-საბა ორბელიაანს.

ექსკურსიის მიზანი იყო არა მხოლოდ ისტორიული ცოდნის გაღრმავება, არამედ შემოქმედებითი აზროვნების, გუნდური მუშაობისა და კულტურული თვითშეგნების გაძლიერება.

როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა:  „ბოლნისის სიონში დავინახე, რამდენად ღრმაა ჩვენი ისტორიის ფესვები. ახლა უკვე უკეთ ვხვდები, რას ნიშნავს იყო ქართველი.“

დღე დასრულდა ბედნიერი ემოციებითა და ახალი შთაგონებით.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203