
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს „ნორჩ არქეოლოგთა კლუბი“, რომლის წევრებიც ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს აკვირდებიან, იკვლევენ და ამ მიმართულებით ცოდნას იმდიდრებენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დირექციისა და თანამშრომელთა მხარდაჭერით, კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი ჩაიწერა „ნორჩ არქეოლოგთა კლუბის“ წევრთა ცხოვრებაში.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს IV-VIII საუკუნეების ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრებში.
ექსპედიციას ხელმძღვანელობს პროფესორი მერაბ ძნელაძე.
სკოლაში მადლობას უხდიან ოზურგეთის ისტორიული მუზეუმსა და პროფესორ მერაბ ძნელაძეს მოსწავლეებისთვის მიცემული უნიკალური შესაძლებლობისთვის.
„მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისათვის. ქართული ფესვების აღმოჩენა, შენახვა და მოვლა ჩვენი უპირველესი ამოცანაა“,- ამბობენ მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები: