
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგი განგა ჭუჭუხაშვილი მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე ოთხ ათეულ წელზე მეტია დგას. ის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და საგნობრივ ცოდნასთან ერთად აზიარებს, შოთა რუსთაველის მსოფლმხედველობას, ილიასეულ თუ ვაჟასეულ ფასეულობებს, ეროვნულ ღირებულებებს და მშობლიური ენის სიყვარულს.
25 სექტემბერს, განგა ჭუჭუხაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის დააჯილდოვა.
„პედაგოგის პროფესია ამარჩევინა ბავშვების სიყვარულმა. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ბავშვს, მეც მყავდა საყვარელი მასწავლებელი - ვერა მასწავლებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი“,-აღნიშნავს გაზეთ „შირაქთან“ ინტერვიუში განგა ჭუჭუხაშვილი და დასძენს, რომ ბავშვთა ნდობის მოსაპოვებლად საჭიროა სითბო, ყურადღება, სიმართლე, მოთმინება, სიყვარული. სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს თავად მოსწავლეებთან ურთიერთობისას და ყველაზე მეტად მათი სიყვარული ახარებს.
განგა ჭუჭუხაშვილთან გაზეთ „შირაქის“ ჩაწერილი ინტერვიუ იხილეთ ბმულზე