
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივცემულია.
რა თქმა უნდა, სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა მასწავლებლის საერთაშორისო დღე.
ღონისძიების ინიციატორები სკოლის მოსწავლეები იყვნენ. თავად დაგეგმეს და მოაწყვეს საოცრად თბილი და ლამაზი საღამო, დაპატიჟებული ყავდათ მშობლებიც.
ზეიმი სკოლის სპორტულ მოედანზე გაიმართა. მოსწავლეები სიტყვით გამოვიდნენ და სითბო, სიყვარული და მადლიერება გამოხატეს პედაგოგების მიმართ, რომლებიც თავდაუზოგავად ემსახურებიან ახალგაზრდა თაობის აღზრდა- განათლებას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, განსაკუთრებული სითბო და სიყვარული იგრძნობოდა ბავშვების თითოეულ სიტყვაში. ბავშვებმა საყვარელ მასწავლებლებს დიდი სიხარული და დაუვიწყარი მოგონებები აჩუქეს.
სკოლის დირექტორ მაია ამიროვას კი ბავშვებმა სიურპრიზი მოუწყვეს და სამახსოვრო საჩუქარი მოუმზადეს. ბავშვებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს სხვა პედაგოგებსაც.
დირექტორ მაია ამიროვამ მოსწავლეებს მიმართა და მადლობა გადაუხადა იმ სიყვარულისა და პატივისცემისთვის, რასაც ბავშვებისგან ყოველთვის გრძნობს.
„გული გამითბეთ და ბედნიერ ადამიანად მაქციეთ ჩემო პატარა მეგობრებო, თქვენ ჩვენი ქვეყნის დიდი იმედი და მომავალი ხართ, თქვენ შემოგყურებთ ქვეყანა, დარწმუნებული ვარ ღირსეული ადამიანები იქნებით, ეს ჩვენთვის დიდი სიხარულია, რადგან რისთვისაც ვარსებობთ დაფასებულია ჩვენი ღვაწლი. გამოდის, რომ ტყუილად არ გვიშრომია, მადლობა თქვენ სიყვარულისთვის და დაფასებისთვის. ეს დღე ყოველთვის ემახსოვრება თითოეულ პედაგოგს, ჩვენი სიხარული თქვენი დამსახურებაა“,- აღნიშნა დირექტრორმა.
მასწავლებლის საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და პედაგოგთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად.