როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება? - დირექტორები წარმატებული სკოლის ფორმულას გვიზიარებენ 
22-10-2025

სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა მოსწავლეებში სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაა, რა დროსაც კლასგარეშე ღონისძიებები თუ აქტივობები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.  ღონისძიებების მომზადებისას ბავშვები სწავლობენ მოსმენას, იღრმავებენ გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას, ივითარებენ შემოქმედებით უნარებს, რაც საბოლოოდ მათი პიროვნული ზრდის ხელშემწყობი ხდება. 

ვაღიაროთ, მოსწავლეთა უმრავლესობისთვის კლასგარეშე ღონისძიებებში მონაწილეობა  ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა; ისიც უნდა ითქვას, რომ მსგავსი აქტივობები საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი და პედაგოგიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ელემენტია. სწორედ ამის შესახებ საუბრობენ etaloni.ge-სთან საჯარო სკოლის ხელმძღვანელები და საკუთარ გამოცდილებასაც გვიზიარებენ:

ერვანდ ვარდერესიანი, სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კარწახის საჯარო სკოლის დირექტორი: 

„სკოლაში სხვადასხვა მიმართულებით აქტივობების ჩატარება აუცილებელია -  ისინი ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, აძლევს მათ მოტივაციას, უკეთ ისწავლონ, გადაიაზრონ გაკვეთილზე შეძენილი ცოდნა...

გარდა ამისა, სასკოლო აქტივობები ჩვენს აღსაზრდელებს ასწავლის დამოუკიდებლობას, გუნდურად მუშაობას, ყველა მოსწავლეს თანაბრად აქვს საშუალება, წარმოაჩინოს შემოქმედებითი უნარები; შემოქმედებითი ღონისძიებების პარალელურად, სპორტულ აქტივობებშიც ხშირად ვერთვებით, რაც ავითარებს ბავშვის ფიზიკურ მოონაცემებს - ეს ყველაფერი კი, კომპლექსურად, დადებითად აისახება სწავლის ხარისხზე“.

მარინე ჩომარიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის დირექტორი: 

„მიმაჩნია, რომ აუცილებელია, სკოლებში ტარდებოდეს სხვადასხვა აქტივობები... მხოლოდ ღონისძიებებს არ ვგულისხმობ, საუბარია ღია გაკვეთილებზე, ინტელექტურალურ კონკურსებზე, სპორტულ შეჯიბრებებზე - ეს ყველაფერი ეხმარება მოსწავლეს, გაიფართოვოს თვალსაწიერი, მეტად დაინტერესდეს სწავლით, შეიყვაროს წიგნი, ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ტექნოლოგიების სამყაროში, როდესაც სმარტფონები ბავშვების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს კომუნიკაციის აუცილებლობა დავანახოთ, რათა მეტად იმეგობრონ, ისწავლონ გუნდური მუშაობა, იყვნენ უფრო ტოლერანტულები... ღონისძიებები და სხვადასხვა აქტივობები ჩვენს ბავშვებს ეხმარება საკუთარი თავის წარმოჩენასა და განვითარებაში. სკოლაში კი იქმნება მეგობრული, თანამშრომლობითი გარემო, სადაც მოსწავლე-მასწავლებლები  ცვლიან აზრებს, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და სასკოლო ცხოვრებაც ბევრად მრავალფეროვანი, საინტერესო და შემოქმედებითი ხდება“.

ნვარდ სოგოიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი: 

„რაც მეტი ღონისძიება და აქტივობა ჩატარდება სკოლაში, ბავშვებისთვის უკეთესია - ასე ხომ უფრო საინტერესო ხდება სწავლის პროცესი. ბავშვებიც მეტ ენთუზიაზმსა და ინტერესს იჩენენ, სიღრმისეულად შეისწავლონ ესა თუ საკითხი, დამსწრე საზოგადოებას კი თავი საუკეთესო კუთხით წარმოუჩინონ. შეუძლებელია, პედაგოგმა მოსწავლის მონდომება არ დააფასოს - სწორედ სასკოლო აქტივობები გვაძლევს საშუალებას, უკეთ შევაფასოთ ჩვენი ბავშვების შესაძლებლობები, დავინახოთ, რაში საჭიროებენ უფრო მეტად ჩვენს თანადგომას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩავუნერგოთ ისეთი უნარები, რომლებიც დაეხმარება, ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ“.

გაიანე კურღინიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის დირექტორი: 

„როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება? - ეს კითხვა ყველა პედაგოგს აწუხებს, პასუხი კი მარტივია - სკოლაში უცილებელად უნდა ტარდებოდეს ღონისძიებები. გარდა იმისა, რომ ესაა ნამდვილი დღესასწაული ჩვენი ბავშვებისთვის, მსგავსი აქტივობები აძლევს მოტივაციას უკეთ ისწავლონ, მეტი შეიტყონ ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ, დაეხმარონ თანატოლებს, გაუზიარონ მათ ცოდნა... ფაქტია, ყველანაირი აქტივობა არის ხელშემწყობი ფაქტორი მოსწავლის განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მაქსიმალურად ვცდილობთ, ბავშვები არაფერს გამოაკლდნენ, იყვნენ აქტიურები და მათთვის სკოლაში გატარებული ყოველი დღე, მართლაც დღესასწაული იყოს“.

რამიზ მუსტაფაევი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ყარათაკლიის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

„სასკოლო ატივობები საუკეთესო საშუალებაა მოსწავლის განვითარებისთვის და რაც მთავარია, არის მოტივატორი, უკეთ ისწავლონ, სიღრმისეულად გაერკვნენ საკითხში, საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ და მშობლიური სკოლის კედლებში მოაწყონ ნამდვილი დღესასწაული. სასკოლო ცხოვრებაში ატიურად ჩართული მოსწავლეები უკეთ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას, არიან მრავალმხრივ განვითარებულნი; მათთვის სკოლაში სიარული არის საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი, რაც, საბოლოოდ, აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება“.

დერენიკ აკოპიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო  სკოლის დირექტორი: 

„ყველა ვთანხმდებით, რომ სასკოლო აქტივობები ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევს, თუმცა აქვე დავძენ, რომ ნებისმიერი აქტივობა არის ერთგვარი მექანიზმი პედაგოგისთვის, რათა შეიტყოს, როგორ გაიაზრა მოსწავლემ ესა თუ ის საგაკვეთილო თემა, ფლობს თუ არა სოციალიზაციისთვის საჭირო უნარებს, როგორი უერთიერთობა აქვს თანატოლებთან, რა საგნებში სჭირდება დახმარება... ამიტომ მიმაჩნია, რომ სასკოლო ცხოვრება აქტივობებით დატვირთული უნდა იყოს - ეს დადებითად აისახება ჩვენი ბავშვების პიროვნულ განვითრებაზე“.

ლეილი ამირშადიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, საღამოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

„ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტია - სულ 5 საკლასო ოთხი გვაქვს და სწავლება ორ ცვლაში მიმდინარეობს, თუმცა, ამის მიუხედავად, ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენი მოსწავლეებისთვის ცოდნის ტაძარში გატარებული ყოველი დღე დასამახსოვრებელი და პროდუქტიული იყოს. ხშირად ვატარებთ სხვადასხვა აქტივობებს, ვმართავთ ღონისძიებებს, სრულად გვაქვს გააზრებული მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ წრედი - სკოლა-მოსწავლე-ოჯახი ჩვენთან შეკრულია. ჩვენი მასწავლებლები თავს არ ზოგავენ, რათა ბავშვებისთვის სწავლა-სწავლების პროცესი იყოს მრავალფეროვანი, ბავშვებს ჰქონდეთ სწავლის მოტივაცია და აქტივობები ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილია“.    

ანაიდა აბგარიანი, ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„უმნიშვნელოვანესია, ყოველი მოსწავლე აქტიურად იყოს ჩართული სასკოლო ღონისძიებებში, რადგან სწორედ ასე სწავლობენ ისინი ერთმანეთის მოსაზრების უკეთ მოსმენას, გაანალიზებას, ურთიერთპატივისცემას... აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასკოლო აქტივობები უვითარებთ მათ საჭირო-უნარ-ჩვევებს, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე გამოადგებათ, სწავლობენ ურთიერთობას თანატოლებთან, უფროსი თაობის წარმომადგენელთა პატივისცემას და საბოლოოდ ყალიბდებიან ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად. სასკოლო ცხოვრების აუცილებელ კომპონენტად მივიჩნევ ღონისძიებებს, რომლებსაც მეც და მასწავლებლებიც დიდი სიამოვნებით ვესწრებით“. 

ბახრამ სადიკოვი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, თაზაქენდის საჯარო სკოლის დირექტორი: 

„სკოლის ღონისძიებებში ყოველთვის სიხარულითა და დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან ჩვენი მოსწავლეები... სოფლის სკოლაში, მოგეხსენებათ, კინო, თეატრი, გასართობი ცენტრები და ა.შ არ გვაქვს, ამიტომ ნებისმიერი აქტივობა ახარებთ ბავშვებს. ზოგადად, სასკოლო ღონისძიებები დადებითად აისახება მოსწავლის გონებრივ განვივითარებაზე, მრავალმხრივ განვითარების საშუალებას აძლევს, პედაგოგებიც აქტიურად არიან ჩართულები, ცდილობენ, თავისი საგანი უკეთ წაროაჩინონ და საუკეთესო მხრიდან დაანახონ მოსწავლეებს. ყოველ ახალ ღონისძიებას მოუთმენლად ელიან ჩვენი მოსწავლეები“.

ამბარცუმ არაკელიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ტამბოვკის საჯარო სკოლის დირექტორი: 

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და სწავლება თითქმის ინდივიდუალური მეთოდით მიმდინარეობს, რაც ბავშვებს მეტ შესაძლებლობას აძლევს, უკეთ წარმოაჩინონ ცოდნა, შემოქმედებითი უნარები, ამისთვის კი საუკეთესო საშუალებაა ზოგადი აქტივობები და ღონიძებები. მეამაყება, რომ ჩვენი მოსწავლეები სიხარულით არიან ჩართულნი ყოველ აქტივობაში. მახარებს მათი შემართება და სწავლის წყურვილი“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203