
11-წლიანი სწავლება ყველა, მათ შორის კერძო სკოლებს შეეხება, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, თუმცა განმარტა, რომ არ გავრცელდება სკოლებზე, რომელთაც აქვთ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები.
„11 წელზე იმიტომ გადავდივართ, რომ... აქ არის ძალიან სერიოზული რეფორმა ზოგადი განათლებისა, დაწყებული პროგრამების გადახედვით, სახელმძღვანელოებით, ფუნდამენტურ, კლასიკურ საგნებზე აქცენტის გაკეთებით... 11 წელი იქნება თუ 12, რა ცოდნით, უნარით და კომპეტენციით აღჭურვილ ადამიანს გამოუშვებ სკოლიდან, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და მათ შორის, უმაღლესში სწავლას რა დონიდან გააგრძელებენ, ამასაც.
რატომ 11 კლასი? - ეკონომიკის მიმართულებით ზრუნვა არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოვალეობა, რომელი სამინისტროც უნდა ვიყოთ, შესაბამისი დოვლათის შექმნა ჩვენივე შვილების ხელებით - გვინდა, ჩვენს შვილებს ჰქონდეთ გარანტი და ნდობა ჩვენივე ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისადმი...
როდის შევა ძალაში ეს ყველაფერი - ამაზე მიდის მუშაობა... მე-12 და მე-11 კლასს ეს არ შეეხება, თუმცა გრძელვადიან რეფორმაზე არ ვსაუბრობთ, დეტალებზე კი მინისტრი მოგახსენებთ“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.