„ანაბასისობა“ - სკოლა „ანაბასისის“ ოქროსფერი ტრადიცია
20-10-2025

სკოლა „ანაბასისში“ ტრადიციად ქცეული საშემოდგომო დღესასწაული - „ანაბასისობა“ უკვე ათ წელზე მეტია სკოლის ეზოს ფერებით, სითბოთი და მხიარულებით ავსებს.

ეს დღე მხოლოდ შემოდგომის სურნელი კი არა, ერთიანობის, მეგობრობისა და სიყვარულის ზეიმია. წელს სკოლის ეზო ნამდვილ გამოფენად იქცა - თითოეულმა კლასმა საოცარი საშემოდგომო კუთხე მოაწყო.

მშობლებმა დიდი წვლილი შეიტანეს ამ მხიარულებაში: მათ მიერ მოტანილმა აქსესუარებმა შემოდგომის მთლიანი სიდიადე ასახა, ხოლო მასწავლებელთა ფანტაზიამ კუთხეებს ზღაპრული ელფერი შესძინა.

ღონისძიება მუსიკითა და ცეკვით დაიწყო - სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული ეროვნული ცეკვები, პოპური და სამეჯლისო ცეკვები. მე-8 კლასელებმა მთიულური და აფხაზური განსაკუთრებული მონდომებით შეასრულეს და სცენას ნამდვილი ქართული სულის შთაჰბერეს.

შემდეგ სცენაზე მხიარული ბერიკები შემოიჭრნენ – მათ საშემოდგომო კუთხეებში სტუმრობა და „ტკბილეულის წართმევა“ განიზრახეს, თუმცა პატარები მედგრად დაუხვდნენ და თავიანთი ნამუშევრები გულით დაიცვეს. მათმა  შეხლა-შემოხლამ  მეტი მხიარულება შემატა დღესასწაულს.

ანაბასისობა“ კიდევ ერთხელ გახდა ის დღე, როცა მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი ერთ ოჯახად იქცა - სიყვარულით, სიხარულითა და საერთო მიზნებით გაერთიანებული.

„გილოცავთ „ანაბასისობას“ - აღმასვლის დღეს! ნათელი, უხვი და ბარაქიანი შემოდგომა გვეზეიმოს ყველას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ტრადიციას სიხარულით აგრძელებენ. 

 აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გააშუქა ტელევიზია „არგომ“ 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203