ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-9 კლასელები ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმს სტუმრობდნენ 
21-10-2025

მუზეუმში ვიზიტი მოსწავლეებისთვის მაღალი შემეცნებითი ღირებულების მატარებელია, რადგან ის როგრც თეორიული ცოდნის გამყარებას, ასევე მოზარდების კულტურული თუ ისტორიული ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ამიტომ ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები გასვლით კულტურულ ღონისძიებებს ხშირად მიმართავენ. 

„მუზეუმი საზოგადოების განვითარების სამსახურში მუდმივად მყოფი ინსტიტუტია და ღიაა ფართო საზოგადოებისთვის. ის შესწავლის, განათლების მიზნით ან ვიზუალური სიამოვნებისათვის იძენს, ინახავს, იკვლევს და გამოჰფენს ადამიანთა შემოქმედებისა და მათი გარემოს აღმწერ ფაქტებზე არსებულ მნიშვნელოვან მასალას.

XXI საუკუნეში მუზეუმს უდიდესი როლი აკისრია როგორც კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-შენახვაში, ასევე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში. მას დამთვალიერებლისთვის ვიზუალური სიამოვნების მინიჭების გარდა, საზოგადოების განათლების ფუნქციაც აქვს. დღეს ის განსაკუთრებულ როლს თამაშობს როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ და საზოგადოებრივ განათლებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და 8 ოქტომბერს მოწყობილი გასვლითი ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

8 ოქტომბერს, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ია კლდიაშვილთან ერთად, ეწვივნენ ქუთაისის დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმს.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმში დაცულია 5000-მდე ფოტოსურათი, 300 000 ფოტონეგატივი და კინომასალა, სადაც ასახულია ქალაქ ქუთაისის ისტორია და თანამედროვეობა.

მოსწავლეებს მასპინძლობა მუზეუმის თანამშრომელმა, ფოტოგრაფმა - მალხაზ ახვლედიანმა გაუწია, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო მუზეუმის შექმნის ისტორია და მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები.

მოსწავლეები დიდი ინტერესით ისმენდნენ ინფორმაციას, აკვირდებოდნენ თითოეულ ნივთს, აინტერესებდათ თითოეული მოწყობილობის მუშაობის პრინციპი. დასვეს შეკითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.

მუზეუმში ვიზიტი საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203