
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება შემეცნებითი თავგადასავალია.
8 ოქტომბერს, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ეკატერინე მერლანის და სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, დაიგეგმა ლაშქრობა ჭალადის მყინვარზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსპედიცია კვლევით სახეს ატარებდა და მისი მიზანი იყო მყინვარების დნობაზე გლობალური დათბობის ზეგავლენაზე დაკვირვება.
გასვლითი აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებს უნდა გაეზომათ მყინვარის დნობის მაჩვენებელი. (მოგეხსენებათ მყინვარები საგრძნობლად განიცდიან დნობას, რაც არც ისე სასიამოვნო ფაქტია.)
ვინაიდან მეთერთმეტე კლასი პროგრამულად გადის მყინვარებს, პედაგოგმა - ეკატერინე მერლანიმ რამდენიმე კლასი გააერთიანა და მასშტაბური, ძალზედ ნაყოფიერი და საინტერესო ლაშქრობა მოაწყო. მე-12 კლასელებმა, პედაგოგთან ერთად, მყინვარის მიმდებარე ტერიტორია დალაშქრეს.
ბავშვებს საშუალება მიეცათ ახლოდან ენახათ „მესტიაჭალას“ სათავე. „მდინარის დაბადება“ - ასე უწოდეს ლენჯერის N1 საჯარო სკოლის გონიერმა მოსწავლეებმა ამ მოვლენას.
„ექსპედიციის ამოცანაა მომავალ წელს ისევ მოინახულონ მყინვარი და დაახლოებითი აზომვითი შედარება გააკეთონ ყინულის დნობის მაჩვენებლისა. წარმატებები კატერინე მერლანსა და ჩვენს საოცარ მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო