„საქართველოს უნივერსიტეტის“ ქონების დაყადაღების და გადაცემის მოთხოვნით პროკურატურას „ტექნიკური უნივერსიტეტის“ რექტორმა მიმართა
17-10-2025

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ რექტორი დავით გურგენიძე პროკურატურას „საქართველოს უნივერსტიტეტს“ ქონების დაყადაღების და გადაცემის მოთხოვნით მიმართავს. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს „ტექნიკური უნივერსიტეტის“ ქონება მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა მიიტაცა.

„წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების უდიდესი ნაწილი ფაქტობრივად, მიტაცებული იქნა ყოფილი პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილის] ოჯახის მიერ. ჩვენმა სპეციალისტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, სამართლის და აუდიტის სამსახურებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს და ეჭვია, რომ იქ სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაულია. ამიტომ, ჩვენმა უნივერსიტეტმა იმსჯელა და გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მიგვემართა. აღნიშნული საკითხი მრავალი წელია შესწავლის საგანია უნივერსიტეტისთვის - რთული იყო ამ დოკუმენტების მოძიება, მაგრამ დიდი შრომა გასწიეს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, მოპოვებული იქნა არაერთი მასალა - როგორც ელექტრონული, ასევე 108 ფურცელზეა ფიზიკური მასალა, სადაც მრავალი დოკუმენტია. ეს უკვე ხდება გენერალური პროკურატურის მოკვლევის საგანი - ისინი უფრო მარტივად მოიკვლევენ ამ საბუთებს. ვფიქრობთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ უნდა მოიძიოს მასალები და მიიღოს გადაწყვეტილება”, - განაცხადა გურგენიძემ.

დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტის ეს ქონება რომ არ გასხვისდეს და მესამე პირზე არ გადაფორმდეს, სასწრაფოდ დაყადაღებაა საჭირო, რაც პროკურატურას მოსთხოვეს.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ქონება იყოს დაყადაღებული და დაბრუნებული ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ასევე ვთხოულობთ, რომ ის მიუღებელი მოგება, რომელიც უნივერსიტეტმა მრავალი წლის განმავლობაში, არ მიიღო, იყოს გამოკვლეული და დაუბრუნდეს უნივერსიტეტს, ახალგაზრდებს და პროფესორ-მასწავლებლებს. ზიანი უნდა დადგინდეს, პროკურატურამ ამაზე უნდა ჩაატაროს ექსპერტიზა და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რა ზიანზეა საუბარი. ეს ქონება რომ არ გასხვისდეს და მესამე პირზე არ გადაფორმდეს, ჩვენ სასწრაფოდ დაყადაღებას ვითხოვთ”, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი, დღეს, ირაკლი კობახიძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „ღია თავხედობა“ იყო ინფრასტრუქტურის გასხვისება და საინტერესო იქნება ამ საკითხის შესაწვლა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა თავის დროზე გადაეცა ერთ ლარად სააკაშვილის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. საინტერესო იქნება ამ საკითხის შესაწვლა, დანარჩენი დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203