„კოსტაობის“ აღსანიშნი ღონისძიება არეშფერნის საჯარო სკოლის ეზოში ჩატარდა
17-10-2025

15 ოქტომბერს, ტრადიციულად, სოფელ არეშფერანში სახალხო ზეიმი „კოსტაობა“ გაიმართა - დღესასწაული, რომელიც ოსურ და ქართულ კულტურებს, ტრადიციებსა და ადამიანურ ურთიერთობებს აერთიანებს.

ღონისძიება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის ეზოში მოეწყო, სადაც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, საზეიმო, გასართობი დ სპორტული აქტივობები. მოეწყო შეჯიბრებები - მკლავჭიდში, ფეხბურთში, ფრენბურთსა და ჭიდაობაში.

არეშფერანის საჯარო სკოლის დიდ და ლამაზ ეზოში სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ ქართული და ოსური სამზარეულოს ტრადიციული კერძები. განსაკუთრებული სანახაობა იყო. „კოსტაობა 2025“-ის ფარგლებში გამართული საბავშვო ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტი. სცენაზე მაყურებლის წინაშე გამოვიდნენ „ილიელი“, „ქურმუხი“ და „ლალე“. სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე კი გაიმართა ცხენების დოღი.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - თამაზ ბესტაევმა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა - ჯონდო მდივნიშვილმა გვირგვინებით შეამკეს ოსი პოეტის, მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის - კოსტა ხეთაგუროვის ძეგლი, რომლის დაბადებიდან წელს 166 წელი გავიდა.

არეშფერნის დიდ ეზოში ერთობისა და მეგობრობის სული იგრძნობოდა. მაყურებელი გულშემატკივრობდა ახალგაზრდა სპორტსმენებს, ადევნებდა თვალს ჭიდაობასა და ფეხბურთს, მონაწილეობდა დაჯილდოებაში. 

კოსტაობას“ ტრადიციულად ორგანიზებას უწევენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსური ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: ბმული1, ბმული2, ბმული3

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203