
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მასწავლებლები სწავლებისას თანამედროვე მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თანამედროვე სასკოლო განათლება მხოლოდ ცოდნის გადაცემას აღარ ემსახურება - მისი მიზანია მოსწავლეთა ინტერესების გაღვივება და შემოქმედებითი აზროვნების წახალისება.
სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროექტზე დაფუძნებულ გაკვეთილებს, სადაც ბავშვები თავად ხდებიან სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეები.
აღსანიშნავია, მე-6 კლასის მოსწავლეთა „ბუნების“ გაკვეთილი, რომელიც როლური თამაშის გამოყენებით წარიმართა. სასწავლო პროცესს მასწავლებელი ეკა იკოშვილი ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილი მეტად საინტერესოდ დაიწყო. მოსწავლეები დაიყვნენ პალეონტოლოგებად, ექსპერტებად და დამკვირვებლებად. თითოეულმა გუნდმა მოირგო თავისი როლი და პასუხისმგებლობით შეასრულა დაკისრებული ამოცანა.
„ასეთი ფორმატის გაკვეთილები ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და პასუხისმგებლობის უნარები, რაც მათ მომავალ წარმატებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: