„სკოლის ექიმს ხელფასი 10%-ის მაგივრად, 20%-ით გავუზარდოთ“ - დეპუტატის ინიციატივას ფინანსთა მინისტრის მოადგილე პასუხობს
15-10-2025

სკოლის ექიმებისთვის ხელფასების 10%-იანი ზრდის მაგივრად, 20%-იანი ზრდის ინიციატიით გამოვიდა განათლების კომიტეტის წევრი ლადო კახაძე. 

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, სადაც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილებოდა ლადო კახაძემ კითხვით მიმართა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს: - გვაქვს თუ არა განსაზღვრული სკოლის ექიმების ხელფასის არა 10%-იანი, არამედ ცოტა მეტის მატება. ჩემი წინადადებაა, რომ ამ ეტაპზე თუ გვაქვს ამის საშუალება 20%-ით მოვუმატეთ ხელფასი სკოლის ექიმებს?

როგორც კითხვის საპასუხოდ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, პედაგოგებთან გაკეთდა ისე, რომ ყოველწლიური 10%-იანი ზრდის მაგივრად ერთიანად გაიზარდა ხელფასი, სკოლის ექიმებთან დაკავშირებით გარანატირებულად მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ 10%-იანი ზრდა იქნება. 

„ამ ეტაპზე დაგეგმილი გვაქვს ხელფასის 10%-იანი ზრდა. სამინისტროსაც აქვს სურვილი და ნუ, ყველას გვაქვს სურვილი [ხელფასის გაზრდის], მაგრამ რესურსების გადანაწილებაა და ვნახოთ რამდენად შესაძლებელი იქნება იმ სტანდარტული ზრდის გარდა კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი გაკეთდეს. ჩვენ მაგალითად პედაგოგებთან ეს გავაკეთეთ, 2024 წელს ვთქვით რომ 10%-იანი ზრდა არა, ერთიანად გავაკეთოთ და საკმაოდ დიდ ზრდა გამოვიდა დაახლოებით 500-600 ლარამდე იყო. იგივე არ გაგვიკეთებია ადმინისტრაციულ პერსონალთან, მივყევით 10%-იანით... ვნახოთ, ჯერჯერობით 10%-იანი ზრდა გარანტირებულად შემიძლია გითხრათ. ამის ზემოთ რისი შესაძლებელობა იქნება და როგორ, ამაზე ვიმუშავებთ“, - აღნიშნა კაკაურიძემ. 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203