
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ასრულებენ საკუთარ მისიას და არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავთ აღზრდილი.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ: მესტიის მუნიციპალიტეტის რევაზ მარგიანის სახელობის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლის დირექტორი მარლენ მარგიანი, ჭუბერის საჯარო სკოლის პედაგოგი ნატო სუბარი, კალის საჯარო სკოლის მასწავლებელი რაულ გულბანი, მიხეილ ხერგიანის სახელობის მესტიის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი ციალა გულედანი, ლახამულას საჯარო სკოლის პედაგოგი ნაზი საბანიძე, მაზერის საჯარო სკოლის პედაგოგი ნარგიზა ხორგუანი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის სახელით დასაჯილდოებელ კანდიდატებს მადლობის სიგელები გადასცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსმა ლალი კალანდაძემ.
ღვაწლმოსილ პედაგოგებს დამსახურებული ჯილდოს მიღება მიულოცეს მესტიის რესურსცენტრის უფროსმა, მარიამ ჯაფარიძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლალი კალანდაძემ. სპეციალური ჯილდო დამსახურებულ პედაგოგებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დარგობრივმა კურატორმა განათლების, მეცნიერებისა და სოციალურ საკითხებში ლევან კიკვიძემ გადასცა.
ღონისძიების საზეიმო ნაწილი მესტიის ფოლკლორულმა ანსამბლმა „რიჰომ“ გახსნა. ქორეოგრაფიული ნომრებით წარსდგა ანსამბლი „ბანგურიანი“, ცერემონიალის დასასრულს, მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრმა წარმოადგინა სპექტაკლი „ბეთქილ“.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: