თბილისის მუნიციპალიტეტსა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომლებიც საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებასა და მოსწავლეთა ტრანსპორტირებას უკავშირდება.
დედაქალაქის მერიას გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილება, განახორციელოს საჯარო სკოლებში მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ასევე ერთი წლის ვადით გადაეცა მოსწავლეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფის უფლება.
თბილისის მუნიციპალიტეტი, დელეგირებული უფლებამოსილების სახით, განახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობების ნაწილობრივ რეაბილიტაციას, მათ მხარდაჭერას პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერას, მათ დაფინანსებას მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის, დაწესებულებების შენობაში ან/და ეზოში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ინვენტარით აღჭურვას, შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/ აღჭურვას, დაწესებულებების გაზიფიცირება/ საწვავის/ბრიკეტების/შეშის შესყიდვას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საჭირო ფინანსური რესურსი გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დედაქალაქის მუნიციპალიტეტს მიეწოდება მიზნობრივი ტრანსფერის სახით.