„სკოლის მოშლა სოფლის მოშლა იქნება“ - თამილა მეგრელი, ორხვის საჯარო სკოლის დირექტორი მცირეკონტინგენტიანი სკოლის გამოწვევებზე საუბრობს
08-10-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის ორხვის საჯარო სკოლა წლებია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ უწყვეტად ზრუნავს იმაზე, რომ მომავალმა თაობებმა მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა და შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც მათ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოაყალიბებს.

დღეს ორხვის სკოლას ცხრა მოსწავლე ჰყავს და როგორც ხელმძღვანელი, თამილა მეგრელი etaloni.ge-სთან აღნიშნავს, თითოეული მათგანი გამორჩეულად უყვარს:

„ჩვენს სკოლას 9 მოსწავლე ჰყავს და ცხრავე ბიჭია. ორი პირველკლასელი მივიღეთ წელს - საოცარი ბიჭები... როგორც დირექტორი თითოეული მათგანით ვამაყობ“, - აცხადებს ქალბატონი თამილა და საკუთარ გულისტკივილს გვიზიარებს, რომელიც მოსწავლეთა მწირი რაოდენობითაა განპირობებული:

„მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ... ეს არაერთი გამოწვევის წინაშე გვაყენებს: ვერ ვერთვებით მასშტაბურ პროექტებში, ვერ ვაწყობთ მასშტაბურ ღონისძიებებს... გამოგიტყდებით, მარტივი არაა, მართო ასეთი მცირეკონტინგენტიანი სკოლა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვებს თანატოლები სჭირდებათ, კლასელებს ერთმანეთთან ურთიერთობა სურთ, რაც ჩვენთან სამწუხაროდ იშვიათობაა.

გადავწყვიტე, ბავშვების სასკოლო ცხოვრება მეტად გამეხალისებინა და უფროსკლასელს ჩავატარებინე დაბალ კლასში გაკვეთილი. ისე მოეწონათ აქტივობა, მთხოვდნენ ხშირად მიგვემართა მსგავსი მეთოდისთვის. მეგობრების ახსნილი საკითხები უკეთ მოისმინეს, უფრო მოტივირებულები გახდნენ, უკეთ ესწავლათ, გაჩნდა ჯანსაღი კონკურენცია, რამაც ძალიან გამახარა.

სამწუხაროდ, ასეთი აქტივობები ვერ აგვარებს იმ დიდ გამოწვევას, რასაც სოფლიდან მოსახლეობის მიგრაცია ჰქვია. ეს შეუქცევადი პროცესი გრძელდება და სამომავლოდ რა იქნება, არ ვიცით. სკოლის მოშლა კი სოფლის მოშლა იქნება. ამიტომ ძალას არ ვიშურებთ, ჩვენს ბავშვებს მივცეთ საფუძვლიანი განათლება, რათა გახდნენ წარმატებულები და იმედს ვიტოვებთ, რომ დაუბრუნდებიან მშობლიურ ფესვებს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203