პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მომხსენებლის თქმით, 2026 წლის ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის, ნომინალური მშპ-ის პროგნოზი - 110,5 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი 2,5%-ით არის განსაზღვრული. მისივე თქმით, აღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მილიარდი ლარია.
გიორგი კაკაურიძის თქმით, განათლების და მეცნიერების მიმართულებით 3 მილიარდ 400 მილონ ლარზე მეტია გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც საჯარო სკოლების დაფინანსებაზე 1 მილიარდ 700 მილიონი ლარი მიიმართება. 500 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე კი 110 მილიონი ლარი. კულტურის და სპორტის ნაწილში მომდევნო წელს 1 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება.
მისივე თქმით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე ჯამურად 800 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო სპორტული ინფრასტრუქტურის ნაწილში 200 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.