აღმზრდელ-პედაგოგის უწყვეტი პროფესიული განათლება და თვითგანვითარება - რა წერია კანონი
20-10-2025

„აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტში“ აღმზრდელ-პედაგოგის უწყვეტი პროფესიული განათლება და თვითგანვითარების შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

1. აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად ეცნობა ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებულ რესურსებს: სტატიებს, კვლევებს, წარმატებული პრაქტიკის მაგალითებს, სტანდარტებს, რეგულაციებს, სასწავლო ლიტერატურას  და ა. შ.

2. აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად მონაწილეობს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ორგანიზებულ ტრენინგებში, კონფერენციებში, სემინარებში, სხვადასხვა ტიპის სამუშაო შეხვედრებში.

3. აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად მონაწილეობს დაწესებულების მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში, ტრენინგებში, სემინარებში.

4. აღმზრდელ-პედაგოგი, პროფესიული განვითარების მიზნით, თანამშრომლობს კოლეგებთან (როგორც იმ დაწესებულების, სადაც თვითონ მუშაობს, ასევე სხვა დაწესებულებების), დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სფეროს მკვლევრებთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან და რეგულარულად უზიარებს მათ საკუთარ გამოცდილებას, მოსაზრებებსა და ცოდნას.

5. აღმზრდელ-პედაგოგი ეცნობა კოლეგების (როგორც იმ დაწესებულების, სადაც თვითონ მუშაობს, ასევე სხვა დაწესებულებების) პრაქტიკულ საქმიანობას, გამოცდილების ურთიერთგაცვლის მიზნით მიმართავს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმას.

6. აღმზრდელ-პედაგოგი თანამშრომლობს დამწყებ კოლეგებთან, მოხალისეებთან/პრაქტიკანტებთან, აძლევს მათ პროფესიულ რეკომენდაციებს. ამ თანამშრომლობისას თავადაც იძენს ახალ ცოდნასა და გამოცდილებას და ვითარდება, როგორც პროფესიონალი.

7. თანამშრომლებსა და კოლეგებთან ურთიერთობისას ითვალისწინებს ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს, კონფიდენციალურობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპების დაცვით.

8. დაწესებულების ადმინისტრაციის, თანამშრომლებისა და კოლეგების მიერ მისი საქმიანობის შეფასებას აღმზრდელ-პედაგოგი იყენებს საკუთარი პროფესიული განვითარებისათვის.

9. აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად აწარმოებს თვითშეფასებას საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების განსასაზღვრად; თვითშეფასების შედეგებიდან გამომდინარე, აყალიბებს მიზნებს თვითგანვითარების კუთხით და გეგმავს, თუ რა პერიოდში და რა საშუალებებით შეძლებს დასახული მიზნების მიღწევას.

10. აღმზრდელ-პედაგოგი თანამშრომლობს იმ უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის მონიტორინგს დაწესებულებაში.

11. აღმზრდელ-პედაგოგი თვითგანვითარების გეგმიდან გამომდინარე, ახორციელებს კონკრეტულ საქმიანობებს პროფესიული განვითარებისათვის (მაგ.: მიმართავს შესაბამის უწყებებს ტრენინგის გასავლელად, ეცნობა ლიტერატურას, თანამშრომლობს კოლეგებთან).

12. აღმზრდელ-პედაგოგი ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე მონაწილეობს მის კომპეტენციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის რეგულაციების, სტანდარტების, პროგრამების შემუშავებაში, განხილვასა და დანერგვაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203