
„საქართველოს მთავრობის სტრატეგიული მიზანია, გააძლიეროს პროფესიული განათლების როლი“, - აღნიშნულის შესახებ მთავრობის 2026-2029 წლების გეგმაში ვკითხულობთ.
დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის არც ერთი ცვლილების თარიღი, არც ის წერია, რამდენით გაიზრდება დაფინანსება ან მასწავლებლების ხელფასი თუმცა ვკითხულობთ:
„ყოველწლიურად გაიზრდება პროფესიული განათლების დაფინანსება. შეიქმნება და დამტკიცდება პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი, შედეგებზე დაფუძნებული მოდელი. პროფესიული განათლება სრულად მოერგება შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და მის საჭიროებებს, განახლდება ყველა არსებული კვალიფიკაცია.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ჩართვის ხელშეწყობის მიზნით, განვითარდება მოქნილი და მხარდამჭერი, მრავალფეროვანი სერვისები.
გაიზრდება პროფესიული განათლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება. ამასთან, მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩაიდება პროფესიული განათლების მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაში“.